სასამართლოს კიდევ ერთი უარი დეკანოზ მამალაძეს

Tbilisi Daily

სააპელაციო ინსტანციამ მსჯავრდებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს სასჯელის აღსრულების გადავადებაზე უარი უთხრა. დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით ასეთი შუამდგომლობით EMC-იმ 2020 წლის 12 თებერვალს ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და ითხოვა განაჩენის აღსრულების გადავადება. შუამდგომლობის განხილვის მიზნით, წარდგენილ იქნა რამდენიმე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ჩატარებულ სასამართლო პროცესებზე მოწმის სახით დაიკითხნენ ექსპერტები, რომელთაც სასამართლოს დაუდასტურეს დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და მის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების მექანიზმის გამოყენების საჭიროება. ამის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და გიორგი მამალაძე სასჯელის მოხდის მიზნით კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დატოვა. სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით ერთმნიშვნელოვნად არ დგინდებოდა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ფაქტი, რის გამოც უარი თქვა განაჩენის აღსრულების გადავადების მექანიზმის გამოყენებაზე. ამის შემდეგ EMC-იმ სააპელაციო ინსტანციას მიმართა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მსჯელობა და მიიჩნია, რომ რამდენადაც ექსპერტიზის დასკვნაში არ იყო მითითებული სიტყვა ,,მძიმე ავადმყოფობა“ დასკვნა ვერ გახდებოდა განაჩენის აღსრულების გადავადების საფუძველი. EMC მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მსგავსად კვლავ ფორმალური არგუმენტით თქვა უარი განაჩენის აღსრულების გადავადებაზე, სათანადოდ არ შეაფასა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. #news #დეკანოზიმამალაძე #სააპელაციოსგადაწყვეტილება #EMC #TbilisiDaily #DailyNews