ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა COVID-19-ით კიდევ სამი პაციენტის გარდაცვალება დაადასტურა. შტაბის ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში გარდაცვლილ ორ ხანდაზმულ ქალს და ერთ მამაკაცს მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდათ. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, 8 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირების 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აპრილიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 2071 შემთხვევა, მათგან 811 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი. ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადაყვანილი 3 პაციენტი გარდაიცვალა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე კლინიკებში. მათი გარდაცვალება დე ფაქტო მთავრობას არ შეაქვს ადგილობრივ სტატისტიკაში, რადგან თვლის, რომ ეს პაციენტები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გარდაიცვალნენ. საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, დე ფაქტო მთავრობას მაისიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით დადასტურებული  აქვს კორონავირუსის 123 შემთხვევა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30883694.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)