„ვინც ასე იქცევა ვერასდროს დამკვიდრდება, პოეზია შოუ არ არის..“

Zugdidi Daily

ნამდვილი შემოქმედება შთაგონების მეშვეობით იკრებს ძალას, რაც ემოციური სტიმულის გარეშე შეუძლებელია. და მაინც, რაში მდგომარეობს პოეტური ნიჭიერების თვისობრივი უნიკალურობა, განუმეორებელი თვითმყოფადობა, მკაფიო გამოსხივება? როგორ იხელთებს პოეტი სამყაროს ღრმა ლირიკულ შეგრძნებას, რომლის საფუძველზეც აღმოცენდებიან სწორედ ლექსები? Zugdidi Daily-ს რუბრიკის "წარმატებული ადამიანები სამეგრელოდან" დღვანდელი რესპოდენტი ალექსანდრე ნარსიაა. ალექსანდრე იმ ახალგაზრდა პოეტთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებმაც თვითმყოფადი ლექსებით თავისებური ხიბლი შემატეს თანამედროვე პოეზიას. მისი ლექსები განწყობილების სიმძაფრითა და პოეტური აზროვნების მაღალი კულტურით გამოირჩევა. წარმოშობით ჩხოროწყუს რაიონის სოფელი ახუთიდანაა. სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ლექსებს, ნოველებს და მინიატურებს აქტიურად წერს, ასევე როგორც თვითონ ამბობს, - ბავშობის ტკბილ მოგონებებს დღიურების სახით აცოცხლებს. ადამიანები გრძნობებს სხვადასხვანაირად გამოხატავენ. მაგალითად: მხატვარი დახატავს , მომღერალი უმღერებს მის გრძნობას , ხოლო პოეტი ლექსში ჩააქსოვს მის გულის ნადებს. სიყვარული არის გრძნობა, რომელიც თავს გაკარგვინებს, გაძლევს სტიმულს აკეთო ყველაფერი - სიყვარულის სახელით. ალექსანდრეს შემთხვევაც არ ასცდენია ამ სტანდარტულ ცნობას. თურმე პირველმა სიყვარულმა დააწყებინა პოეზიასთან ურთიერთობა. „ბავშვობიდან ვწერდი ჩანახატებს, ლექსების წერა კი მოგვიანებით დავიწყე. პირველი სიყვარული იყო წყარო ამ ყველაფრისა.“ მისთვის პოეზია თავისუფლებაა, სიყვარულის, გრძნობის ფურცელზე გადატანა. კონრეტული მიმართულება არ აქვს. პიროვნულად რეალისტია - წერს ყველაფერზე რაც დღეს, XXI საუკუნეში ხდება. ლექსებს ვის უძღვნის ნათელია - მეტწილად დედას, მეგობრებს და როგორც თვითონ გვითხრა, ერთ თბილთვალება გოგონას. ამბობს, რომ წერის პროცესი ყველაზე სასიამოვნოა მისთვის. დროს მნიშვნელობა არ აქვს, შეუძლია გვიან ღამით დაწეროს ლექსი თუ მინიატურა და დილით ნაწერის წაკითხვით გამოწვეულმა სიხარულმა აიტანოს. მისი ლექსები ჰყვებიან ამბებს, რომელიც მიდის ადამიანების გულამდე, ფიქრამდე და გრძნობ, რომ თითქოს სწორედ ის თქვა, რაც დიდი ხანია გინდოდა გეთქვა. ვფიქრობ, ესაა სწორედ პოეზიის დანიშნულება. მიაღწიოს სიღრმეებამდე და გაგრძნობინოს ის, რაც ავტორმა განიცადა. როგორც ყველა ბავშვი, ღრმა ბავშობაში ველოსიპედზე ოცნებობდა. მინდოდა მყოლოდა, მაგრამ არ მყიდულობდა დედაჩემი, წაიქცევი და დაშავდებიო, - ამბობს ალექსანდრე. ზოგჯერ ხდება ისე, რომ ლექსს დაგეგმილად, აუდიტორიის გემონვებიდან გამომდინარე წერენ. ეს, რა თქმა უნდა, შეცდომაა. რაც შეეხება ალექსანდრეს, მისი შემთხვევა რადიკალურად განსხვავდება დადგმებისგან. მეტიც, ფიქრობს რომ პოეზია შოუ არაა. „ვინც ასე იქცევა ვერასდროს დამკვიდრდება, პოეზია შოუ არ არის... შენ უნდა წერდე და იყო ისეთი თვითმყოფადი, რომ მკითხველი და აუდიტორია მოირგო...“ თავისულფებას ზოგისთვის ძალიან ფართო გაგება აქვს. „ეს ჩემს ნაწერებში ვლინდება. ჩემი შემოქმედებაა ამის დასტური და როდესაც გამოვცემ პირველ წიგნს, ეს იქნება მთავარი სახე ამ ყველაფრისა.“ პოეტური შედევრების წაკითხვისას აღფრთოვანებასთან ერთად ფარული სევდაც გვეუფლება იმის გამო, რომ რასაც ინტუიციურად გრძნობდით, სხვამ უმარტივესი სიტყვებით გამოთქვა. პოეტს აქვს რაღაც გრძნეული ნიჭი ფოტოფირივით გაამჟღავნოს ადამიანის შინაგანი ქვეყნიერება. სიტყვიერ ფენომენში გაასაგნოს, განფინოს აზრი, წარმოდგენა. პოეზიას დღეს, XXI საუკუნეში დიდი მოვალეობა ეკისრება. „უნდა მიწვდეს ადამიანის გულებს, უნდა თქვას მათი სათქმელი, ვისაც ეს არ შეუძლია, უნდა იყოს სარკე და ახედებდეს ადამიანებს შიგნით, და აუცილებლად მოგვანიჭოს სიყვარული...“ ახალგაზრდა პოეტი სამომავლოდ საკუთარ თავზე უწყვეტ მუშაობას გეგმავს - იმ ოცნების ასრულებას, რომელზეც დიდი ხანია ფიქრობს. „მეტი მუშაობა საკუთარ თავზე, გამოუქვეყნებელ ნაწარმოებებზე დაკვირვება, ახლის შექმნა და მომავლისთვის მზადება, წიგნის გამოსაცემად, რომელიც ოცნებად მექცა და რომელიც უნდა მივუძღვნა, ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ქალბატონ მზია კაჭარავას...“ ლექსი აფხაზეთზე მახსოვს პირჯვრის დაწერა ერთ ღამეში მასწავლე და ილორში სანთლები ერთად უნდა აგვენთო... დაკარგული ბევრი მაქვს, ცრემლი - სევდის მარცვალი, მე ცალხელა კაცი ვარ ახლა უაფხაზეთოდ... მე საკუთარ მიწაზე დღესაც ემიგრანტი ვარ, ვამბობდი და თვალებში ცრემლი არ ჩამეტია, კაცი ვარ და ჭრილობას მოვარჩენდი მარტივად, მაგრამ ჩემთვის სოხუმი ჭრილობაზე მეტია... ჩემი მორდუს ხმა მახსოვს - რატომ დაიგვიანე?! და პირველი ქვემეხი, რომ გავარდა მეხივით, როგორც ქრისტემ გოლგოთა, ისე გამოვიარეთ, თოვლითა და ტალახით სავსე უღელტეხილი... მერე იყო ფიქრები დაბრუნების დღე -დღეზე, თუმცა ნელა ქრებოდა იმედი სანთელივით, მახსოვს უცხო სიტყვათა ლექსიკონში ვეძებე, პირველად რომ ჩამესმა მწარე სიტყვა, დევნილი... ბევრი პალმა გახმაო, ბევრიც დგასო მოწყენით, ალბათ რომ არ ისმენენ ახლა ქართულ საუბარს, მოწყენილი არიან უქართველოდ ქუჩებიც, ძმადნაფიცმა გამანდო წუხელ გიმზერ ჩაუშბამ... მაფშალიას გალობა ისმის კვლავ ენგურიდან, ზღვამ ნისლიან კალთაში მზე ჩაისვა ბავშვივით, ღმერთო დილა მანახე ძიძარიას ქუჩიდან, ნატვრა ასრულებული, სხეულიდან გამიშვი... არაფერი დარჩება მჯერა ამ ტკივილიდან, ილორში, რომ ქართულად მღვდელი წირვას აღავლენს, ისევ ერთი მამალი გააღვიძებს დილიდან, ხელისგულზე დატეულ ოდიშსა და აფხაზეთს...