მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინაში იმყოფება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინაში იმყოფება. ტვიტერის გვერდზე სანდუ წერს, რომ მოინახულა რუსეთის თავდასხმების შედეგად განადგურებული კიევის ოლქის ქალაქები ბოროდიანკა, ბუჩა, ირპენი და ნანახი ძალადობისა და ნგრევის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.
"დღეს უკრაინაში ვარ. მოინახულე ქალაქები ბოროდიანკა, ბუჩა და ირპენი. ძალადობისა და ნგრევის მასშტაბმა სიტყვები დამაკარგვინა, ეს წარმოუდგენელი ტრაგედიაა. ჩვენ გულითადად ვუსურვებთ მამაც და თადვაუზოგავ უკრაინელ ხალხს მშვიდობას, თავისუფლებას, კეთილდღეობასა და ცხოვრებას, რომელსაც ისინი ირჩევენ“,- წერს მაია სანდუ ტვიტერზე.
მაია სანდუ უკრაინაში, ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენკის მიწევით იმყოფება.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.
კოლექტიური დასავლეთი რუსეთს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, შეწყვიტოს საომარი მოქმედება და დატოვოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები.
ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა რამდენიმე პაკეტი აამოქმედეს, რომლებიც რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებზე, კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქებზე, ბიზნესმენებზე, ასევე, სხვადასხვა სექტორსა და პროდუქციაზე ვრცელდება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31917157.html
Source: radiotavisupleba.ge