Foreign brief: G20-ის წარმომადგენლები საკვების მიწოდებაზე იმსჯელებენ
Headline
G-20-ის წევრი-სახელმწიფოების სოფლის მეურნეობის მინისტრები, კვების უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებით, 21 აპრილს ონლაინ-შეხვედრას გამართავენ. შეხვედრის ძირითადი თემატიკა, COVID-19-ის პანდემიის ფონზე საკვების დეფიციტის თავიდან ასარიდებლად, სოფლის მეურნეობის სეგმენტში გლობალურ თანამშრომლობას შეეხება.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გენერალური დირექტორები, 31 მარტს გაკეთებული ერთობლივი განცხადებით მსოფლიოს აფრთხილებენ, რომ ვაჭრობის შეზღუდვას გავლენა ექნება სასურსათო მიწოდების გლობალურ ქსელზე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაჭრობაში წარმოშობილი ბარიერები, სავარაუდოდ საკვების ფასების ცვალებადობას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ უარყოფითად იმოქმედებს სურსათის ხელმისაწვდომობაზე. ყველაზე მეტ ზიანს კი ის სახელმწიფოები მიიღებენ, რომელთაც დაბალი შემოსავლები აქვთ და ძირითადად იმპორტირებულ საკვებ პროდუქციაზე არიან დამოკიდებულები.
საფრთხე მას შემდეგ გაჩნდა, რაც ყაზახეთმა და რუსეთმა, როგორც ხორბლის ფქვილის, ხოლო ვიეტნამმა, როგორც ბრინჯის მარცვლეულის უმსხვილესმა ექსპორტიორმა ქვეყნებმა დროებით აკრძალეს ან შეზღუდეს მათი პროდუქციის ექსპორტი. აღნიშნულმა შესაძლოა ფასების ზრდა გამოიწვიოს ისეთ სახელმწიფოებში, სადაც ამ და სხვა სახის პროდუქციის იმპორტი ხდება.
21 აპრილის შეხვედრაზე G20-ის წარმომადგენლები იმსჯელებენ მიწოდების ქსელის მინიმალური შეფერხებებით მუდმივ ფუნქციონირებაზე. პირველ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მალფუჭებად პროდუქციაზე, მაგალითად ხილისა და ბოსტნეულის მიწოდებაზე.
წყარო: G20 agriculture ministers to hold discussion on global food security (21.04.2020), www.foreignbrief.com
სტატია მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#coronavirus
#agriculture
#import
#export
#economy
#headline