ლატვიაში დააკავეს რუსეთის პროპაგანდისტული მედიასაშუალების რედაქტორი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი პროპაგანდისტული სააგენტოს, „სპუტნიკის“ რედაქტორი მარატ კასემი. ინტერნეტ-გამოცემა „დელფი“ ლატვიის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 3 იანვარს დაკავებულ კასემს ბრალად ედება ევროკავშირის სანქციების დარღვევა. 5 იანვარს, რიგის სასამართლომ მარატ კასემს წინასწარი პატირობა შეუფარდა.
სააგენტო „სპუტნიკი“ ირწმუნება, რომ კასემი ეჭვმიტანილია ჯაშუშობაშიც. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
„სპუტნიკი“ შედის კრემლის მიერ კონტროლირებულ მედიაჰოლდინგში „რუსეთი დღეს“, რომლის გენერალურმა დირექტორმა, დმიტრი კისილიოვმა განაცხადა, რომ ლატვიის მოქალაქე მარატ კასემი რამდენიმე წელია მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს და რიგაში 30 დეკემბერს ჩავიდა „ოჯახური გარემოებების“ გამო. კისილიოვმა კასემის დაკავებას „პოლიტიკური დევნა“ უწოდა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა აკრძალა მის ტერიტორიაზე სააგენტო „სპუტნიკის“ და რუსეთის კიდევ ერთი პროპაგანდისტული მედიასაშუალების, ტელეკომპანია RT-ს საქმიანობა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32211891.html
Source: radiotavisupleba.ge