ერთ დღეში "პატრიოტთა ალიანსს" 4-მა პირმა 240 ათასი შესწირა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ერთ დღეში 4-მა პირმა ჯამში 240 ათასი ლარით დააფინანსა. შემოწირულობა პარტიამ 2 ოქტომბერს მიიღო. პარტიას თანხა შეწირეს გიორგი ცაცანაშვილმა, მალხაზ თოფურიამ, ვაჟა აბაშიძემ და ოთარ გიორგობიანმა.
ცაცანაშვილი შპს ჯორჯიენ ინტერფეისის 50 პროცენტიანი წილის მფლობელია;
თოფურია არ ფლობს კომპანიებს;
აბაშიძე "სრულიად საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს" დირექორია, რომლის გამგეობის წევრიც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, დავით თარხან-მოურავია;
გიორგობიანს რამდენიმე კომპანიაში აქვს წილები, მათ შორის შპს დომინოში (არა ჰიპერმარკეტი დომინო), შპს იბერია ტრანს ჯგუფსა და ა.შ.
რადიო თავისუფლებამ მათი საკონტაქტო ინფორმაცია ვერ მოიძია.
"პატრიოტთა ალიანსი" არჩევნებში მონაწილე ათეულობით პარტიას შორის (1 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე) შემოსავლების კუთხით მეხუთე ადგილზეა.
პარტიის ფინანსებთან დაკავშირებით კითხვა "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებული მასალის შემდეგ დაისვა. გამოცემა აგვისტოში წერდა, რომ "პატრიოტთა ალიანსს" მოსკოველ კონსულტანტებთან საუბარი ჰქონდა ორ დასაფინანსებელ პროექტზე: 2020 წლის დასაწყისში 700 ათას დოლარიანზე, ხოლო ოდნავ მოგვიანებით - 8 მილიონ დოლარიანზე. პირველი საკონსულტაციო მომსახურებას შეეხება, ხოლო მეორე - წინასაარჩევნო კამპანიის 4-თვიანი ბიუჯეტია, რომელიც, წყაროს თანახმად, თავად "პატრიოტთა ალიანსმა" გადააგზავნა მოსკოვში.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გოჩა თევდორაძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მათი პარტიის შემოსავლები გამჭვირვალეა.
"ვერა ვართ შემოწირულობებში ისე, როგორც უნდა ვიყოთ, მაგრამ, რაც გვაქვს, ვფიქრობ, იმითაც ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ... [იმდენი შემოსავალი მინდა გვქონდეს, რომ] ვაშაძის პარტიას, "ლელოს", "ოცნების" სარეკლამო ბანერებს რომ ვუყურებ, მაგაზე მეტი შესაძლებლობა გვქონდეს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30884687.html
#ახალი_ამბები
#twitter