შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ომბუდსმენს საგაზაფხულო სესიაზე აირჩევენ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

„NGO-ების (არასამთავრობო ორგანიზაციების) მხრიდან თავიდანვე იყო მცდელობა, ოპოზიციასთან ერთად დაესახელებინათ სახალხო დამცველობის კანდიდატები და შემდეგ ულტიმატუმის ენით ელაპარაკათ", – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა იმედოვნებს, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ მოხერხდება სახალხო დამცველის არჩევა. „იმედი გვაქვს, რომ თებერვალში, როდესაც გაიხსნება საგაზაფხულო სესია, შევძლებთ კონსულტაციების შედეგად მივაღწიოთ შეთანხმებას და ავირჩიოთ სახალხო დამცველი. სამწუხაროდ, თავიდანვე NGO-ების მხრიდან იყო მცდელობა, რომ დაესახელებინათ კანდიდატები ოპოზიციასთან ერთად და შემდეგ ულტიმატუმის ენით ელაპარაკათ. სექტემბრიდან მოყოლებული ეს პროცესი იყო ულტიმატუმზე დაფუძნებული. NGO-ები, რომლებმაც დაასახელეს კანდიდატები, სხვა გასაუბრებებს არც კი ესწრებოდნენ. მხოლოდ იმ გასაუბრებებზე მიდიოდნენ, რომლებშიც მათი კანდიდატები მონაწილეობნენ, რათა მათი ლობირება მოეხდინათ, - ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,  -  როგორც კი იქნება შეთანხმების მზაობა, გარწმუნებთ, რომ შესაძლებელი იქნება ეს შეთანხმება“. სახალხო დამცველის ასარჩევად პარლამენტს 18 კანდიდატი წარედგინა. ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები 8 კანდიდატის გარშემო მიმდინარეობს. ომბუდსმენის არჩევას სულ მცირე 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ყოფილ სახალხ დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 10 დეკემბერს ამოეწურა. https://www.radiotavisupleba.ge/a/32192776.html

Source: radiotavisupleba.ge