Post
Tbilisi Daily
დედაქალაქში მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის შესახებ ბევრ ისტორიას ჰყვებოდნენ. ამბობდნენ, რომ ეს იყო უმშვენიერესი სიყვარულის ბალადა, რომელსაც შეუძლებელი იყო ვინმე გულგრილი დაეტოვებინა. რეზო თაბუკაშვილი და მედეა ჯაფარიძე ერთმანეთს ახალგაზრდა პოეტების საღამოზე შეხვდნენ, რომლის დასრულების შემდეგაც სახლისკენ მიმავალ გზაზე რეზოს ლექსები წაუკითხავს ახალგაზრდა მსახიობისთვის. ასე დაწყებულა მათი სიყვარული. სწორედ მედეა ჯაფარიძის გაცნობის შემდეგ დაიწყო რეზო თაბუკაშვილმა შექსპირის სონეტების თარგმნა ქართულ ენაზე, რომლის პრეზენტაციზეც მედეასთვის უთქვამს: ,,თუ შექსპირს, როგორც ლირიკოსს, თავი არ მოეჭრა საქართველოში, შენს გაჩენას უმადლოდეს, ჩემო სიყვარულო,”. შექსპირს თავი არ მოსჭრია, მედეა ჯაფარიძისა და რეზო თაბუკაშვილის სიყვარულმა კი თბილისს არაერთი ახალი სონეტი შეუქმნა.
სიცოცხლის ბოლო პერიოდში მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ რეზო თაბუკაშვილი ე.წ ,,ლეჩკომბინატის" საავამყოფოში მკურნალობდა. მის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ფილტვების ანთების გამო მედეაც იმავე საავადმყოფოში განამწესეს. გვერდითა პალატიდან მედეამ რეზოს წერილი მისწერა: ,,რეზიკო, მომწერე რამე, თორე ვიტირებ და სახლში გავიქცევი.” პასუხმაც არ დააყოვნა: ,,ჩემო პაკიპუკ (ასე მიმართავდა მოფერებით), რამ ან ვინ შეიძლება დაგვაშოროს ჩვენ?! გკოცნი ჩემო ერთადერთო, ლამაზო, ჩემო უსაყვარლესო..."
ეს რეზო თაბუკაშვილის უკანასკნელი წერილი აღმოჩნდა. იგი მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა, საყვარელი მეუღლის გარეშე კი აღარც მედეა ჯაფარიძეს უცხოვრია დიდხანს.
#თბილისი
#სიყვარული
#სიყვარულისქალაქი
#მედეაჯაფარიძე
#რეზოთაბუკაშვილი
#tbilisidaily
#art
#opinion