პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა იზრდება

Tbilisi Daily

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის განხორციელებას დაუჭირა მხარი. კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ლადო კახაძემ განაცხადა, რომ პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა იზრდება. კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას 20 ლარის ოდენობით პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის. ამასთანავე, კანონპროექტით დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - ჯარიმა 50 ლარის ოდენობით, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისათვის. ახალი კანონის ამოქმედებამდე, პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა 20 ლარით დაჯარიმებას იწვევს. კანონპროექტში ასევე მითითებულია, რომ პირბადის ტარების აღნიშნულ წესს (მათ შორის, ღია საჯარო სივრცეში ან/და დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესს) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. კანონპროექტის ავტორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ზაზა ლომინაძე, რამინა ბერაძე და ვლადიმერ კახაძე. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #GeorgiaDaily #საქართველო #ახალიამბები