კიევის მერს უკრაინის დედაქალაქში ქვეყნის ბრძოლაში დაცემულთა სამხედრო სასაფლაოს გახსნა სურს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

კიევის საქალაქო საბჭო ქვეყნის ცენტრალური მთავრობას უკრაინის დამცველთა ხსოვნის უკვდავსაყოფად დედაქალაქში სამხედრო სასაფლაოს შექმნას სთხოვს. "უკრაინა დღეს დიდ ტრაგედიას განიცდის და დიდ განსაცდელებს გადის – ჩვენი ჯარისკაცები, პატრიოტები, უკრაინელი ერის გმირები იღუპებიან ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. და ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ მათ ღვაწლს და გმირების ხსოვნას", - განაცხადა 9 ივნისს კიევის საბჭოს სხდომაზე კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ. უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ყოველდღიურად რუსეთის წინააღმდეგ ომში 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება. "ფრონტზე ვითარება რთულია. ჩვენ ყოველდღე ვკარგავთ მოკლულის სახით 100-მდე და დაჭრილის სახით 500-მდე ჯარისკაცს. კრემლი აგრძელებს თავისი მასით ზეწოლას, ბუქსაობს, რადგან აწყდება ძლიერ წინააღმდეგობას, განიცდის დიდ დანაკარგს. მაგრამ მას ჯერჯერობით შესწევს წინსვლის ძალა ფრონტის ცალკეულ უბნებზე", - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი "ფეისბუკში". აპრილის შუა რიცხვებში, ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ უკრაინის არმიამ დაახლოებით 2500-3000 ჯარისკაცი დაკარგა. ომის დაწყების დღიდან, უკრაინაში 15 ქართველი დაიღუპა. მათგან ხუთი უკრაინის მოქალაქე იყო. https://www.radiotavisupleba.ge/a/31891123.html

Source: radiotavisupleba.ge