აზერბაიჯანელი გენერალი: 25 კილომეტრით წინ წავიწიეთ
Tbilisi Daily
„აზერბაიჯანის ჯარი შეტევას განაგრძობს და ჩვენ 25 კილომეტრით წინ წავიწიეთ“. ამის შესახებ თურქულ გამოცემა Hürriyet-თან ინტერვიუში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა, გენერალმა ჰუსეინ მაჰმუდოვმა განაცხადა.
„ამჟამად მოწინააღმდეგეს ჰყავს 250 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 270 სარაკეტო და საარტილერიო დანადგარი, 60 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალება, 190 ჯავშანმანქანა, ასევე მას საზენიტო დანადგარი С-300 გააჩნია, სწორედ ესაა ჩვენი ძირითადი სამიზნე“ - აცხადებს მაჰმუდოვი.
მისი ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა ჯარმა 27 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.
„ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე ოკუპირებულ მიწებს სრულად არ გავათავისუფლებთ“ - ამბობს გენერალი.
მახჰუდოვმა აღნიშნა, რომ თურქულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა თავი კარგად გამოიჩინა და ფრონტზე მიღწეულ წარმატებებში დიდი როლი ითამაშა.
აზერბაიჯანელმა გენერალმა აღნიშნა, რომ სომხეთის მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვა შეგნებულად მოხდა, რათა „კონფლიქტში მესამე მხარეების ჩარევა მოხდეს“.
„სომხეთმა დაბომბა ნავთობსადენი, ასევე ქალაქები განჯა და მინგეჩაური, რომლებიც ფრონტის ხაზიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. ჩვენ ამ პროვოკაციებს არ ავყვებით და საპასუხო ზომებს მივიღებთ“ - განაცხადა გენერალმა.
მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა 27 სექტემბრიდან მიმდინარეობს. შეიარაღებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.