ნოდარ მელაძე სუსში გამოკითხვაზე მივიდა

Tbilisi Daily

„ტვ პირველის” მთავარი პროდუსერი, ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც მან უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, გამოკითხვა გიორგი გაბუნიას საქმეს ეხება. მისივე თქმით, გამოძიება დაინტერესდა ვასამბეკ ბოკოვთან დაკავშირებით მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებით, რომელიც „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა. „ჩვენი საგამოძიებო მასალა ეხება ვასამბეკ ბოკოვს და ბევრ კითხვას სცემდა პასუხს. ჩვენ დავუკავშირდით ვასამბეკ ბოკოვის ძმას, რომელიც ამბობს, რომ ქავთარაძის ქუჩაზე გადაღებული მაღალი გარჩევადობის კადრებზე, რომლებზეც სუსის მიერ საქმის მთავარი ფიგურანტის დაკავებაა ასახული, მან ვასამბეკ ბოკოვი ვერ იცნო. გარდა ამისა, მომზადებული გვაქვს ჟურნალისტური გამოძიების მეორე ნაწილი, რომელიც ეთერში შაბათს გავა და სადაც გავცემთ პასუხს კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ვასაბმეკ ბოკოვის ნაცვლად დაკავებულია სხვა ადამიანი. რაც შეეხება წყაროს, ბუნებრივია, მის დასახელებას ჩვენ არ ვაპირებთ. თუ გამოძიებას ექნება კითხვები ამ საქმეზე, მაგრამ არა ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით, მე მოვითხოვ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვას“, - განაცხადა მელაძემ. სუს-ის ინფორმაციით, „ტვ პირველის” მთავარი პროდუსერი, ნოდარ მელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე გიორგი გაბუნიას შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა. 15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვია დაკავებული.