ზურაბიშვილი: ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ყველაზე დიდი მორალური მხარდაჭერის იმედი გვაქვს რომში

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

იტალიაში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, იტალიის სერჯო მატარელამ საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად სახელმწიფო ვახშამი გამართა. პრეზიდენტი ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მან ილაპარაკა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე მისაღებ გადაწყვეტილებაზე.  „დღეს მაქვს პატივი, როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ქალი ვიმყოფებოდე სახელმწიფო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში, იმ დროს როცა ევროპაში უსასტიკესი ომი მიმდინაროებს და ამავე დროს საქართველო დგას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების მოლოდინში. ჩემთვის ათმაგად სიმბოლურია ეს ვიზიტი, რადგან სწორედ რომია ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის დედა და სწორედ ამ მარადიულ ქალაქში ორი ათასწლეულის წინ ჩაეყარა საფუძველი ერთიანი ევროპული კულტურის იდეას. და ამავე დროს სხვა რომელი ქალაქი თუ არა რომია მოწამე საქართველოს კულტურული და პოლიტიკური გადაჯაჭვულობისა ბერძნულ და რომაულ ცივილიზაციებთან", - განაცხადა ზურაბიშვილმა.  როგორც საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, საქართველოს ყველაზე დიდი მორალური მხარდაჭერის იმედი რომში აქვს. „ჩვენ, ქართველებს, საქართველო - იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის თავზე, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ყველაზე დიდი მორალური მხარდაჭერის იმედი გვაქვს ამ ქალაქში, რომელთანაც ყველაზე დიდი კულტურული და ხანგრძლივი ისტორიული კავშირები გაგვაჩნია, სადაც გვაქვს მოლოდინი, რომ უნდა იყოს შემორჩენილი ისტორიული მეხსიერება კოლხეთისა და იბერიის. ყველაზე ძველი სამთავრობო ვიზიტი საქართველოდან ხომ სწორედ რომში განხორციელდა, როცა აქ მე-2 საუკუნეში იმყოფებოდა სტუმრად იბერიის მეფე ფარსმან II იმპერატორ ანტონიუს პიუსის დროს და ბრწყინვალე ჯირითის გამო ერთ-ერთ მოედანზე რომაელებმა მას ძეგლიც კი დაუდგეს..." - აღნიშნა ზურაბიშვილმა.  პრეზიდენტმა ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების შესახებ ილაპარაკა. ამასთან, ზურაბიშვილმა განსაკუთრებით გამოყო იტალიური კინო. „იტალიური კინო მსგავსი ტემპერამენტისა და იუმორის გამო ქართველებისთვის ისეთივე მახლობელად იქცა როგორც მშობლიური ქართული კინომატოგრაფია. განსაკუთრებით მახლობელია დღემდე ქართული პუბლიკისთვის ფედერიკო ფელინი, ტონინო გუერა, ნინო როტა, სოფი ლორენი და მარჩელო მასტროიანი", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთზეც შეაჩერა ყურადღება. „ჩვენს ერებს ასევე ფეხბურთის ფანატიკური სიყვარული აახლოებს. ამის საუკეთესო მაგალითია ჩვენი დედაქალაქის, თბილისის მერი კახი კალაძე, რომელიც 9 წლის განმავლობაში თამაშობდა მილანში, ხოლო 2 წელი ჯენოაში და რომელიც უნდა ყოფილიყო ჩვენთან ერთად ამ საღამოს", - შენიშნა მან.  ზურაბიშვილი შეეხო იტალიაში მცხოვრებ ქართველი ემიგრანებსაც. „მოგეხსენებათ საქართველო ღვინის სამშობლოა და სწორედ ღვინო და გემრიელი სამზარეულოა ის, რაც ყველაზე მეტად ამჟღავნებს საერთო კულტურულ მისწრაფებებს ჩვენს ერებს შორის და ალბათ სწორედ ამ კულტურული მსგავსების გამო მოაშურა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ ათასობით ქართველმა ემიგრანტმა იტალიას, სადაც მათ ყველაზე ნაკლებად აქვთ სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისგან განსხვავებით კულტურული უცხოობის განცდა, და მე ამის გამო ქართველი ემიგრაციისა და ქართული საზოგადოების სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ბატონო პრეზიდენტო და თქვენს ხალხს", - თქვა პრეზიდენტმა.  იტალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი კოლეგის გარდა შეხვდა პრემიერ-მინისტრს, სენატის თავმჯდომარეს და ​დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს.  https://www.radiotavisupleba.ge/a/31889433.html

Source: radiotavisupleba.ge