ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა სამივე კაცს, რომელიც ამავე ქალაქში მრავალსართულიანი კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე იყო დაკავებული. გადაწყვეტილება დღეს, 5 ივლისს გამოცხადდა. 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 8 სართულიანი სახლის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულთაგან:  ზაურ ბუდაღოვს, პირველ სართულზე ბინის მფლობელს, ვის სახლშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა; ამ სახლში სარემონტო სამუშაოებში ჩართულ ჰუსეინ და გიორგი სურმანიძეებს კი სამ-სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე 8 სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი 2021  წლის 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნანგრევებში დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. მხოლოდ 1 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომლითაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის დგება. პატიმრობამისჯილი სამივე კაცი მეორე დღეს, 9 ოქტომბერს დააკავეს. https://www.radiotavisupleba.ge/a/31929684.html

Source: radiotavisupleba.ge