"ბუდა მწვანე იქნებოდა" - დალაი ლამას მოწოდება
Tbilisi Daily
დალაი ლამამ მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, სასწრაფო ქმედებები განახორციელონ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ, და გაგვაფრთხილა, რომ ეკოლოგიური კატასტროფა მილიარდობით ადამიანის სიცოცხლეს შეეხება და გაანადგურებს პლანეტას, მათ შორის მის მშობლიურ ტიბეტს.
დალაი ლამას თქმით, ბუდა რომ ახლა თანამედროვე სამყაროში დაბრუნებულიყო, "ბუდა მწვანე იქნებოდა". როგორც დალაი ლამამ 2011 წელს გამოაცხადა, ის პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა ეკოლოგია მისთვის "ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია" და გვაფრთხილებს, რომ "გლობალურმა დათბობამ შეიძლება იმ დონეს მიაღწიოს, რომ მდინარეები დაშრეს".
"გაერომ ამ სფეროში უფრო აქტიური როლი უნდა ითავოს. დიდმა ერებმა ეკოლოგიას მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ. იმედი მაქვს, ეს დიდი ერები, რომლებიც უამრავ ფულს ხარჯავენ იარაღებსა და ომებზე, საკუთარ რესურსებს კლიმატის დაცვისკენ მიმართავენ", — თქვა მან.
დალაი ლამას თქმით, ის რომ ახლა პოლიტიკურ პარტიას შეერთებოდა, "მწვანეთა პარტიას შევუერთებოდი. მათი იდეა ძალიან კარგია".
მისი რჩევა, თუ როგორ უნდა მოხერხდეს, რომ მსოფლიოს ლიდერებმა უფრო რაციონალურად შეხედონ კლიმატის ცვლილებას, ცოტა საეჭვოა, თუმცა ის მისი გამორჩეული იუმორის გრძნობის გათვალისწინებით უნდა განვიხილოთ. დალაი ლამა იცინის და გვთავაზობს, რომ ლიდერები ერთ ოთახში უნდა გამოვკეტოთ, ოთახი კი "ნახშირორჟანგით უნდა გავავსოთ, სანამ არ მიხვდებიან, რას ნიშნავს სინამდვილეში კლიმატის ცვლილება". მისი თქმით, "ხალხი, რომელიც ფუფუნებაში ცხოვრობს, შესაფერისი ჟანგბადის გარეშე" გაიაზრებს, რომ "ეს ძალიან რთულია".