ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთი დონბასში რეზერვისტებს გზავნის

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე თავის ყოველდღიურ ბიულეტენში იტყობინება, რომ რუსეთი დონბასში რეზერვისტებს აამოქმედებს. ბრიტანელი სამხედროები მიიჩნევენ, რომ საქმე ეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის, „ბარსის“ მონაწილეებს. ეს არიან თადარიგის სამხედროები, რომლებმაც ახლახან დაასრულეს სამხედრო სამსახური და რომლებსაც სამობილიზაციო რეზერვში სამსახურის კონტრაქტს სთავაზობენ. „ბარსის“ მონაწილეებს, როგორც წესი, ზურგში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იყენებენ, აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო. რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქში, რომლის სამხედრო მოსამსახურეები აქტიურად მოქმედებენ დონბასში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში, ჟურნალ „როსიისკოე ვოენნოე ობოზრენიეს“ თანახმად, 2021 წლის სექტემბრის დასაწყისისთვის შეიქმნა სამობილიზაციო რეზერვი 38 ათასი ადამიანის ოდენობით. გარდა ამისა, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, დონბასში ჯარების შესავსებად რუსეთი იყენებს საკადრო სამობილიზაციო რესურსს, რომელშიც შედის რუსეთის არმიაში უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ნამსახურები ყველა სამხედრო. მიუხედავად უკრაინაში გასაგზავნი პირადი შემადგენლობის ნაკლებობისა, რუსეთის ხელისუფლება კვლავაც არ ჩქარობს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას, აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობაში. რუსეთის ჯარების მთავარი მოქმედებები კვლავაც კონცენტრირებულია სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკზე. გარდა ამისა, ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი ცდილობს, გაააქტიუროს მოქმედებები იზიუმის რაიონში. ყველაფერ ამას დასჭირდება სარეზერვო ძალები, მიაჩნიათ ბრიტანეთის სამხედროების, და თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა დაიწყო მათი განლაგება. https://www.radiotavisupleba.ge/a/31916842.html

Source: radiotavisupleba.ge