გერმანიაში კორონავირუსის გავრცელების შესასწავლად დახურულ სივრცეში კონცერტი გაიმართა

Headline

კვირას გერმანიაში პოპ მუსიკის კონცერტი გაიმართა. კონცერტის მიზანი იმის დადგენა იყო, თუ როგორ გავრცელდებოდა კორონავირუსი ხალხმრავლობაში. გერმანელმა მკვლევრებმა ლაიფციგში არენა დაიქირავეს, რომელიც შემდგომ მოხალისეებით გაავსეს და ამგვარად მოაწყვეს ექსპერიმენტი. ექსპერიმენტში მონაწილეობა, დაახლოებით, 1500-მდე ადამიანმა მიიღო. თითოეულ მათგანს კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა, რომელთა პასუხიც უარყოფითი იყო. მკვლევრებმა თითოეულ მოხალისეს სპეციალური კონტაქტური მოწყობილობები დაუმაგრეს. მათი საშუალებით ისინი კონკრეტულ მარშრუტებს აკონტროლებდნენ და ამასთან ქმნიდნენ აეროზოლების ბილიკებს. აეროზოლები მცირე ნაწილაკებია, რომლებსაც ვირუსის გადატანა შეეძლოთ. მათ მაშინ უშვებდნენ, როდესაც მოხალისეები ერთმანეთში ირეოდნენ და საუბრობდნენ. ამასთან, ექსპერიმენტისას გამოიყენეს სპეციალური საშუალებები იმის დასადგენად, თუ რა ზედაპირებს ეხებოდნენ ყველაზე ხშირად კონცერტის განმავლობაში. ექსპერიმენტის განმავლობაში მოხალისეები სამ კონცერტს უნდა დასწრებოდნენ, თითოეული მათგანი კი განსხვავებული სცენარით იყო ორგანიზებული. პირველი სცენარი პანდემიის დასაწყისის სიმულაციას წარმოადგენდა. მონაწილეები არ იცავდნენ სოციალური დისტანციის წესებს. მეორე შემთხვევაში მკვლევრებმა დაიცვეს ჰიგიანური ნორმები და ამასთან, სოციალური დისტანციის წესებიც. ხოლო მესამე კონცერტის დროს კი დისტანცია მონაწილეებს შორის 1.5 მეტრი იყო, მისი დაცვა კი თითოეულ მათგანს მკაცრად ევალებოდა. კვლევის ხელმძღვანელის განცხადებით, ისინი მოხალისეების ამ რაოდენობის მხოლოდ მესამედს ელოდნენ. მისი თქმით, ახლა ბევრი გერმანელი საზაფხულო არდადეგებზე იმყოფება, ბევრსაც ეშინია და ამის გამო მცირე გამოხმაურებას ელოდა. თუმცა მან აღნიშნა, რომ ექსპერიმენტმა, საბოლოო ჯამში, წარმატებით ჩაიარა. კვლევის შედეგები კი ოთხიდან ექვსი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება. გერმანია კორონავირუსის გავრცელებას წარმატებით უმკვლავდება. ქვეყანამ მხოლოდ 9,267 გარდაცვალების შემთხვევა დაადასტურა, რაც ბრიტანეთში არსებული რიცხვის მეოთხედია. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა კვლავ დაიწყო. ქვეყანაში შაბათს ვირუსის 2,034 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს აპრილის შემდეგ ყველაზე დიდი რიცხვია გერმანიისათვის. გერმანიაში სკოლების გახსნასაც გეგმავენ, თუმცა სასწავლო დაწესებულებებიდან ვირუსის გავრცელების დიდი საფრთხე ჯერ კიდევ განხილვის საგნად რჩება. წყარო: NEW YORK POST #headline