შოლცი: უკრაინის დახმარება გაგრძელდება, სანამ ეს საჭირო იქნება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უკრაინის ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება გაგრძელდება, სანამ ეს უკრაინას დასჭირდება დამოუკიდებლობისთვის საბრძოლველად. ამის შესახებ დღეს, 16 ივნისს განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელიც დილით კიევში ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად. კანცლერ შოლცის თქმით, ვიზიტის მიზანია არა მხოლოდ სოლიდარობის დემონსტრირება, არამედ დახმარების გაგრძელებაში უკრაინის დარწმუნება. კიევში ერთობლივ ვიზიტს  უკრაინელების მხარდამჭერი „ერთიანობის მესიჯი“ უწოდა საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა.    კიევში გერმანიის კანცლერის, საფრანგეთის პრეზიდენტის და იტალიის პრემიერ-მინისტრის ჩასვლიდან მალევე, უკრაინას ეწვია რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისიც. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მათი მოლაპარაკების დღის წესრიგშია რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის დახმარება და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება. ევროკავშირის 4 სახელმწიფოს მეთაურთა ვიზიტი წინ უძღვის უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას. ხვალ, 17 ივნისს, რეკომენდაციები უნდა გამოაქვეყნოს ევროკომისიამ, 23-24 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე კი, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა. 15 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი იმყოფებოდა მოლდოვაში, რომელიც ასევე, ელოდება კანდიდატის სტატუსის მიღებას. სტატუსის მოლოდინშია საქართველოც. რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31900848.html

Source: radiotavisupleba.ge