დეგნანი: EU-ს კანდიდატის სტატუსისთვის რეფორმების გატარება ხელს შეუწყობს NATO-ში ინტეგრაციასაც

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა NATO-ს მადრიდის სამიტზე საუბრისას თქვა, რომ ევროკავშირის კანდიდიდატის სტატუსისთვის მოთხოვნების შესრულება საქართველოს ალიანსში ინტეგრაციაშიც დაემხარება, რამეთუ "იგივე პოლიტიკური, დემოკრატიული რეფორმებია მოთხოვნილი". ამის შესახებ ელჩმა დღეს, 30 ივნისს ჟურნალისტებთან ისაუბრა. "საქართველო NATO-ს ძლიერი პარტნიორია. ეს გამოჩნდა იმ მაღალი დონის დელეგაციითაც, რომელიც საქართველოდან მადრიდის სამიტს დაესწრო. ამ სამიტზე გამოჩნდა ისიც, რამდენად ძლიერია ალიანსის ერთობა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სასტიკი ომის წინაშე. ეს იყო დადასტურება NATO-ს მიზნებისა, რომელიც თავდაცვითი ალიანსია და ემსახურება მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ევროპაში და მის მიღმა. ბევრი რეფორმა პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვისაა მოთხოვნილი. ამ რეფორმების შესრულება წაადგება NATO-ში ინტეგრაციის პროცესსაც, რადგან იგივე პოლიტიკური, დემოკრატიული რეფორმებია მოთხოვნილი. უნდა გვახსოვდეს, რომ NATO არის პოლიტიკური სამხედრო ალიანსი, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური სტანდარტები. აშშ და მისი მოკავშირეებს მზად არიან დაეხმარონ საქართველოს იმ პროგრესის მიღწევაში, რაც წევრობისთვის დაეხმარება", - თქვა ელჩმა კელი დეგნანმა.   NATO-ს მადრიდის სამიტს საქართველოს მთავრობიდან პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მადრიდის სამიტზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღეს, მათ შორის: NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია - 2030, სამიტის კომუნიკე და „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი“.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31922841.html

Source: radiotavisupleba.ge