რა ახალ კონსპირაციებს ავრცელებს ოკუპირებული ცხინვალის KGB ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ?

Pirveliradio Ge

"მითების დეტექტორის" ინფორმაციით ე.წ. სამხრეთ ოსეთის KGB პერიოდულად ავრცელებს განცხადებებს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ. ერთ-ერთი უახლესი ინფორმაცია 9 ივნისს Sputnik Ossetia-ს მეშვეობით გავრცელდა, სადაც საუბარია KGB-ს მიერ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ “გასაჯაროვებულ” ინფორმაციაზე, რომელიც 7 ახალ კონსპირაციულ გზავნილს შეიცავს. KGB აღნიშნავს, რომ ინფორმაცია მათ პატრიოტულად განწყობილი საქართველოს მოქალაქებისა და ქართული ორგანიზაციებისა და მოძრაობების მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე შეაგროვეს. ადგილობრივი KGB-ის მტკიცებით, ლუგარის ლაბორატორია აშშ-ის არმიის კვლევითი დანაყოფის დირექტივებს ასრულებს და მას შემდეგი ამოცანები აქვს დასახული. აშშ-ის არმიის კვლევითი დანაყოფის დავალებით, ლუგარის ლაბორატორია მუშაობს ბიოლოგიურ იარაღზე, რომლის მიზანიც სამხრეთ ოსეთის პოპულაციის წერტილოვანი განადგურებაა. ლუგარის ლაბორატორიის მიზანია, გააკონტროლოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში სანიტარულ-ეპიდემიური სიტუაცია და მოაგროვოს სპეფიციკური ვირუსებისა და ბაქტერიების შესახებ ინფორმაცია. ლაბორატორიის დავალებაა დივერსიული ოპერაციების განხორციელება, რომელთა მიზანიც წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელის განადგურებაა. ლუგარის ლაბორატორია ეპიზოოტური დაავადებების (ეპიდემია ცხოველებში) კერებს ხელოვნურად ქმნის. ლაბორატორიაში წარმოებული ვაქცინების მეშვეობით ხდება სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მართვა და მისი დამოკიდებულება ლუგარის ლაბორატორიაზე. ლუგარის ლაბორატორია მუშაობს იმაზე, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ქართულ და დასავლურ მედიკამენტებზე იყოს დამოკიდებული. ლუგარის ლაბორატორია სამხრეთ ოსეთის მთავრობის დისკრედიტაციას ახდენს, თითქოს ის სამედიცინო და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ ახდენს. ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” KGB-ს ბრალდებებს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით არავითარი ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს. ფაროსანასთან დაკავშირებით ადრინდელ ბრალდებებზე საპასუხოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მენეჯერმა მაია ალხაზაშვილმა და ლუგარის ლაბორატორიის გენომის ცენტრის მეცნიერმა მარი მურცხვალაძემ “მითების დეტექტორს” განუცხადეს, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებებზე ან მავნებელი მწერებისს წინააღმდეგ ბრძოლა ლაბორატორიის კომპეტენციაში არ შედის და ის მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზეა ორიენტირებული. ამასთანავე ლაბორატორია დიაგნოსტიკის და კვლევის პროცესშია ჩართული და მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის კონფლიქტის ზონებში, გავრცელება მის საქმიანობაში არ შედის. აფხაზეთის და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები პერიოდულად აკეთებენ განცხადებებს, რომ მათ ტერიტორიებზე დაავადებების გავრცელება სწორედ ლუგარის ლაბორატორიას უკავშირდება, რაც კრემლის მხრიდან ბიოსაფრთხეებზე აპელირების საბაბი და განცხადებების გაკეთების საფუძველი ხდება, რომ რუსეთი მის საზღვრებთან ბიოლოგიური იარაღის გამოცდას არ დაუშვებს. წყარო:"მითების დეტექტორი"