ორგანიზაცია „ახალგაზრდების არჩევანმა“ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის თემაზე პროექტი დაიწყო

Marneuli Daily

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდების არჩევანმა“ "IFES"-ის მხარდაჭერით, პროექტის „დეზინფორმაცია და პროპაგანდა“ განხორციელება დაიწყო. ორგანიზაცია „ახალგაზრდების არჩევანის“ კოორდინატორი და თანადამფუძნებელი რაბილ ისმაილოვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას პროექტის ძირითად მიზნებზე საუბრობს. „პროექტში "IFES"-ის მიერ ორგანიზებული პროგრამის „KARE"-ის კურსდამთავრებული ახალგაზრდები მონაწილეობენ. პროექტის ძირითადი მიზანი საზოგადოებაში დეზინფორმაციის გამავრცელებელი მექანიზმების აღმოჩენა და ასევე აღნიშნული მექანიზმების შესახებ გარკვეული გზებით მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებაა. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დაწყებულ პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მექანიზმებს სპეციალური ყურადღება უნდა მივაქციოთ. ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნები“ - აცხადებს რაბილ ისმაილოვი ისმაილოვის თქმით, პროექტის ფარგლებში უკვე 5 დღეა რაც კონკურსი დაიწყეს და ახალგაზრდებმა ეს დიდი ინტერესით მიიღეს. კონკურსის ფარგლებში, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის თემაზე ახალგაზრდებმა ლოზუნგები უნდა დაწერონ, ყველაზე მეტი მოწონების მქონე ლოზუნგის ავტორი კი დასაჩუქრდება. „პირველ ეტაპზე ლოზუნგის კონკურსი ტარდება. აქ ჩვენი მიზანი ახალგაზრდების პროცესში ჩართვაა და მიზანსაც მივაღწიეთ. მიუხედავად იმისა, რომ სულ 5 დღე გავიდა, უკვე კონკურსში 30-ზე მეტი მონაწილეა. ახლო დღეებში ცნობილი იქნება თუ ვისი ლოზუნგი გაიმარჯვებს. ვფიქრობ, ახალგაზრდების გააქტიურებისთვის პრიზმა სერიოზული როლი ითამაშა და სასიხარულო ამბავია, რომ ახალგაზრდების მიერ წიგნის მაღაზიის სასაჩუქრე ბარათის მოგების სურვილი დიდია“. რაბილმა განაცხადა, რომ პროექტი გაგრძელდება და მომავალში ახალგაზრდებისთვის უფრო საინტერესო კონკურსები იქნება დაგეგმილი. „მომდევნო ეტაპებზე ძალიან საინტერესო ვიდეო რგოლების გადაღებას ვგეგმავთ. პროექტის ფარგლებში ბლოგები და სტატიებიც დაიწერება. ახლო კვირებში რამდენიმე შეხვედრას ჩავატარებთ“. რაბილ ისმაილოვის განცხადებით, მომავალში კონკურსებში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც აქტიურად ჩაერთვებიან. წყარო: რადიო მარნეული #ახალიამბები