პროკურატურაში მეორედ კითხავენ გიორგი მანჯგალაძეს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მეორედ იმყოფება გამოკითხვაზე გიორგი მანჯგალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ის პირველად 2020 წლის შემოდგომაზე, გამოძიების საწყის ეტაპზე გამოიკითხა.  გიორგი მანჯგალაძე სადემარკაციო კომისიას ხელმძღვანელობდა 2006-2007 წლებში.  კარტოგრაფების საქმეზე 12 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუშიისაუბრა "ქართული ოცნების" ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა და "გმირობად" შეაფასა ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ ამ საქმეში მტკიცებულებად არსებული რუკების ჩამოტანა რუსეთის არქივებიდან. ბრალდებულ ივერი მელაშვილისადვოკატების თქმით, მისი ეს განცხადება ამყარებს ეჭვს იმის შესახებ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესი ჩანს. თავად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქმის მნიშვნელოვანი მოწმეა, გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს დაკითხული.  კარტოგრაფების საქმეზე სასამართლო სხდომა 28 იანვარს არის ჩანიშნული. წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი იყო ერთ-ერთი თემა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარკებების, რომლებიც საერთაშორისო ფასილიტატორების ინიციატივით იმართებოდა. 2020 წლის 29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია [აღსანიშნავია, რომ ამჟამად თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს, რომელიც 2014 წელს პრემიერ-მინისტრი იყო], რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. 2020 წლის 7 ოქტომბერს ამ საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით 3500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31044731.html #ახალი_ამბები #twitter