ოკუპანტის მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის წერილი ოჯახს
Sokhumi Daily
"უფალს ვთხოვ, მალე თქვენთან ვიყო" — ოკუპანტების მიერ გატაცებული გახელაძის წერილი ოჯახს.
დიდი ბრძოლის შემდეგ გახალაძეს უფლებას მისცეს წერილი გამოეგზავნა თავისი ოჯახისთვის:
"როგორ ხართ ირმო, ბავშვები როგორ არიან.
დამიკოცნე, უთხარი მამიკოს უყვარხართქო, დედა, მამა, დათო როგორ არიან, ყველა მომიკითხე.
ყველა მიყვარხართ. უფალს ვთხოვ რომ მალე თქვენთან ვიყო. მოკითხვა ყველას.
მე ჯერ ვერ მომირჩა, მალე მორჩება ალბათ და გავივლი, ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.
ანანო მიყვარხარ.
მარია მიყვარხარ.
ირმას."
წერილი 8 სექტემბრით თარიღდება.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე კასპში 11 ივლისს გაიტაცეს, მანამდე კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. რუსული მხარის მტკიცებით, ზაზა გახელაძემ ცეცხლი პირველმა გახსნა. მათივე თქმით, გახელაძემ ჩვენებაში აღიარა, რომ საოკუპაციო საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.
26 ივლისს გახელაძეების ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაჭრილი ზაზა გახელაძე, ცხინვალის საავადმყოფოს საკარანტინო ზონიდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზაზა გახელაძის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მისი საავადმყოფოში მკურნალობის საჭიროება აღარ იყო და ამიტომ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ზაზა გახელაძის ცოლი ირმა ბუთხუზი აცხადებს, რომ ახლა ოჯახის მთავარი მოლოდინი ერგნეთში გასამართ შეხვედრას უკავშირდება.
„30 ივლისს უნდა გაიმართოს შეხვედრა და ზაზას საკითხიც იქ უნდა განიხილონ, ველოდებით, რომ გაათავისუფლებენ, სხვა მოლოდინი ოჯახს არ გვაქვს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვაცნობეს, რომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესო. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიდანაც გვესტუმრნენ და გვითხრეს, რომ კორონავირუსის გამო, საავადმყოფოში ზაზას მონახულება ვერ შეძლეს და იქნებ ახლა მაინც წინასწარი დაკავების იზოლატორში მოახერხონ.“
მცდელობა
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ორჯერ სთხოვა დე ფაქტო ხელისუფლებას ზაზა გახელაძის საკარანტინო ზონაში მონახულების და მისთვის ოჯახის წერილის გადაცემის ნებართვა. ორგანიზაციამ პირველად ეს ზაზა გახელაძის დაკავების მეორე დღესვე გააკეთა: ბიბილოვის ხელისუფლებას დაკავებულის მონახულების ნებართვაზე თხოვნა ოფიციალურად წერილობით გაუგზავნა, თუმცა ეს თხოვნა უპასუხოდ დარჩა. ამის შემდეგ, 22 ივლისს საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს მოთხოვნა კიდევ ერთხელ გაიმეორა.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სააგენტო „რეს“-ის ცნობით, საერთაშორისო ორგანიზაციის ცხინვალის ოფისის ხელმძღვანელმა, კარმენ ეჩეზარეტამ, ამ საკითხში თანადგომის თხოვნით მიმართა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანს, ვალერი ვალიევს, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საქართველოს დაჭრილი მოქალაქის მონახულება ცხინვალის საავადმყოფოში მაინც ვერ შეძლეს. ახლა ის უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი და წითელ ჯვარს მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ მას შეხვდეს. როგორც წესი, საერთაშორისო ორგანიზაცია დაკავებულების მონახულებას წინასწარი დაკავების ადგილებში და ციხეში შედარებით დაუბრკოლებლად ახერხებს ხოლმე.
ახლა ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები წითელი ჯვრის წარმომადგენლებისგან ინფორმაციას ელოდებიან, ყველაზე მეტად კი ერგნეთში დაგეგმილი შეხვედრის შედეგი აინტერესებთ. მათ ოპტიმისტურად განაწყობენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა გავიხსენოთ, რა ხდება ხოლმე, როცა დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს დაკავებული მოქალაქეების სისხლისსამართლებრივ დევნას იწყებს და საქმეს პროკურატურა იძიებს.
წარსულის მაგალითები - ოკუპანტების მიერ ადამიანების გატაცება
უმრავლეს შემთხვევაში ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით აკავებს, რამდენიმე დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში აჩერებს და ე. წ. სასამართლოს მიერ დადგენილი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებს ხოლმე, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა საქართველოს მოქალაქეები ცხინვალის ციხეში დიდი ხნით დაუტოვებიათ.
მაია ოთინაშვილი - ხურვალეთიდან
მაგალითად, ხურვალეთის მცხოვრები მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხეში 11 დღე იჯდა. ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „უშიშროების კომიტეტმა“ მაია ოთინაშვილს ბრალად დასდო თანხის სანაცვლოდ „სამხრეთ ოსეთისა“ და საქართველოს მოქალაქეებისთვის „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში“ დახმარების გაწევა. ოთინაშვილის შესახებ საერთაშორისო რეზონანსიც დიდი იყო და საქმეში არაფორმალური კავშირებიც ჩაერთო. ქართველმა და ოსმა მოჭიდავეებმა თავიანთი გავლენა გამოიყენეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად და მაია ოთინაშვილის გათავისუფლება მალევე მოხერხდა.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი
უფრო მეტად გართულდა ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე. იგი პრინციპულად არ აღიარებდა სამხრეთ ოსეთის არსებობას და ცხინვალის რეგიონს პატიმრობაშიც კი ღიად და საჯაროდ ოკუპირებულ ტერიტორიად მოიხსენიებდა, ამიტომ ბიბილოვმა მისი დასჯა განიზრახა. “კაგებე” კი მის შესახებ უამრავ დეზინფორმაციულ ვერსიას ავრცელებდა.
იგი ხან სამხედრო ექიმი იყო, ხან ევროპული ქვეყნების ჯაშუში, ხან წამლების ბიზნესის მონაწილე და ასე შემდეგ.
ექიმ გაფრინდაშვილს, საბოლოოდ, თითქმის ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ბიბილოვის ხელისუფლების მიმართ იმდენად დიდი იყო საერთაშორისო წნეხი და უკვე კრემლიდანაც ისმოდა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება იძულებული გახდა ექიმი შეეწყალებინა, თუმცა ეს ყველაფერი 49 დღეს გაგრძელდა. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, ვის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, გენადი ბესტაევია. მას, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდის მუხლი წაუყენეს. ბესტაევი ცხინვალის ციხეში ორწლიან სასჯელს იხდის.
ხვიჩა მღებრიშვილი
ბოლო დღეების განმავლობაში როგორც ზაზა გახელაძის, ისე მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და დე ფაქტო კაგებე ისევ განცხადებას განცხადებაზე ავრცელებს, ამიტომ, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების გათვალისწინებით, საეჭვოა მათი გათავისუფლება სწრაფად მოხერხდეს.
დე ფაქტო ხელისუფლებამ, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, გახელაძეს ბრალად დასდო სამხედრო მოსამსახურეზე შეიარაღებული თავდასხმა და სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამხედრო პროკურატურის მტკიცებით, გაქცევის მცდლობისას ზაზა გახელაძემ ერთ-ერთი „მესაზღვრის“ მიმართულებით სულ მცირე ხუთჯერ ისროლა. ამ ვერსიას აბსურდულად მიიჩნევს ზაზა გახელაძის ოჯახი.
3 ივლისს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით წითელ წიგნში შეტანილი სახეობების მოპოვების ბრალდება დაუმატეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ხვიჩა მღებრიშვილმა, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, აღიარა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ამაში 5-დან 10 ათას დოლარამდე გასამრჯელოს ჰპირდებოდნენ.
ახლა ზაზა გახელაძეც და ხვიჩა მღებრიშვილიც დროებითი დაკავების იზოლატორში გამოძიების დასრულებას და სასამართლო პროცესს ელოდება. გამოძიებას ამისთვის ორი თვის ვადა აქვს. დე ფაქტო ხელისუფლებამ გახელაძეს და მღებრიშვილს ე.წ სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა. გახელაძის ოჯახს, რუსეთში, დამოუკიდებელი ადვოკატის აყვანის სურვილიც აქვს, თუმცა ცხინვალი ჩაკეტილია და იქ რუსეთის ფედერაციიდან ჩასვლაც კი შეუძლებელია.
წყარო:
https://www.radiotavisupleba.ge
on.ge
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
-
#აფხაზეთი
#დეფაქტო
#ხელისუფლება
#გატაცება
#ოკუპანტი
#ოკუპირებულიაფხაზეთი
#ოკუპაცია
#სოხუმი
#SokhumiDaily
#sokhumiday #sokhumi