რუსეთის მოქალაქის უკანონო მშენებლობას დაშლიან
Batumi Daily
ადრე ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკა ასათიანის #13-ში უკანონოდ დააშენეს ერთი ზედმეტი სართული. ბოლო დღეებში დაიწყო სართულის დაშლა, მალე კი მას მთლიანად ჩამოშლიან.
საქმე ეხებოდა კანონდარღვევით ერთი ზედმეტი სართულის აშენებას რუსეთის ფედერაციის მოქალაქის მხრიდან. მოქალაქის კუთვნილი კომპანია შპს "გლობალმშენი" მერიასთან ახლოს, რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით არღვევდა კანონს.
"ბათუმელები" წერს, რომ ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელმა ირაკლი მოქიამ ადრე განაცხადა, თითქოს რუსეთის მოქალაქემ თვითონ დაიწყო დემონტაჟი. თუმცა ეს ასე არ არის. როგორც კი დატოვა სამშენებლო ობიექტი ინსპექციამ, მოქალაქემ შენება ისევ დაიწყო.
როგორც გამოცემა წერს, კომპანიას მერიასთან და კანონთან პრობლემები ჯერ კიდევ 2016 წლიდან აქვს და ის მშენებლობას დარღვევით ახორციელებდა. თუმცა, მერია ბოლო 4 წლის მანძილზე მხოლოდ გაფრთხილებებით შემოიფარგლებოდა. დემონტაჟის ხარჯს სასამართლოს გზით ამოიღებენ კანონდამრღვევისგან, კომპანია დაჯარიმდება კიდეც.
#უკანონო_მშენებლობა #ბათუმი #კანონი #მშენებლობა #batumidaily