"თქვენზეც არის ზემოქმედება" - ბრალდებული სპორტსმენი მოსამართლეს
Tbilisi Daily
ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? - კითხა დავით მამისეიშვილმა ხულიგნობაში ბრალდებულ სპორტსმენებს. მოსამართლემ რეზო წულუკიძისგან და ელდარ ანთაძისგან ერთნაირად უარყოფითი პასუხი მიიღო.
ელდარ ანთაძისა და რეზო წულუკიძის გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები. მათი ახლობლები შერჩევით სამართალზე საუბრობენ, რადგან ჩხუბის დროს ანთაძე და წულუკიძე დანით დაჭრეს და ისინი, დაპირისპირებული მხარისგან განსხვავებით, წინასწარ პატიმრობაში არიან.
დაძაბულობა სხდომაზე ბრალდებული სპორტსმენის რეპლიკას მოჰყვა. "პირველ მოსამართლეზე და თქვენზეც არის ზემოქმედება…” – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა რეზო წულუკიძემ. მან ასევე თქვა, რომ საქმე პოლიტიკურია და მოსამართლე დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
მას შემდეგ, როცა პროცესზე დისტანციურად ჩართული რეზო წულუკიძის გაჩუმება მოსამართლემ ვერ შეძლო, ჯერ ბრალდებულს მიკროფონი გამოურთეს, ხოლო შემდეგ ის მოსამართლემ სხდომიდან გააძევა.
“მეც გამაძევეთ ბარემ აქედან, ეს რა არის, რა სასამართლოა?” – ყვირილი დაიწყო დარბაზში ბრალდებულ რეზო წულუკიძის ძმამ – ფირუზ წულუკიძემ. მას მანდატურებმა დაატოვებინეს სხდომათა დარბაზი. პროცესი ბრალდებულის მამამაც დატოვა, თუმცა მას არაფერი უთქვამს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს ხულიგნობის ჩადენისთვის თავისუფლების აღკვეთა ელით ორიდან ხუთ წლამდე, ჯარიმის გადახდა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180-დან 200 საათამდე.