ზაალ უდუმაშვილი "TV პირველის" მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ხდება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ზაალ უდიმაშვილი "TV პირველის" მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იქნება. ის ამ დრომდე მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო "ნაციონალური მოძრაობიდან". დეპუტატის მანდატი მას დღეს, 9 ივნისს საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე შეუწყდა.
საინფორმაციო გამოშვებას უდუმაშვილი ორშაბათიდან, 13 ივნისიდან წაიყვანს.
"ზაალ უდუმაშვილი იქნება არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და ამავდროულად იმუშავებს ერთ-ერთ მენეჯერულ პოზიციაზე. დეტალებს თავად ტელევიზიის ხელმძღვანელი იტყვის.
ბევრი წლის შემდეგ ზაალ უდუმაშვილი დაუბრუნდება იმ საქმეს, რასც აკეთებდა და იყო საინფორმაციო გამოშვების ამ ქვეყნის ყველაზე საუკეთესო წამყვანი... ერთი წუთი არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ არავისთვის მისი კომპეტენცია, როგორც საინფორმაციო წამყვანის და როგორც მენეჯერის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისი შემოერთებით ჩვენი ტელევიზია უფრო გაძლიერდება და დიდი სიხარულით ვმასპინძლობთ მას", - უთხრა რადიო თავისუფლებას ნოდარ მელაძემ, არხის მთავარმა პრდიუსერმა.
უდუმაშვილმა 29 მაისს თქვა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებდა და მედიაში ბრუნდებოდა.
"დღეს მთავარი ბრძოლის ხაზი მედიაზე გადის. ისევე, როგორც არასდროს, დღეს თავისუფალ სიტყვას, დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა და დასძინა, - "ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მედიაში დავბრუნდები. ბრძოლის ველიდან არ გავდივარ, ბრძოლის ხაზზე ვრჩები, თუმცა დისლოკაციის ადგილს ვიცვლი."
ზაალ უდუმაშვილი წლების განმავლობაში იყო "რუსთავი 2"-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და ამავდროულად ამავე არხის გენერალური დირექტორის მოადგილე. მან ეს არხი 2017 წლის 19 ივნისს დატოვა. ის იმ წელს "ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის მერობის კანდიდატი იყო.
"ეს არის ჩემი ბოლო მიმართვა მაყურებლისადმი, როგორც კურიერის წამყვანის, დღეს მე ვამთავრებ 25 წლიან სატელევიზიო კარიერას ვასრულებ, თუმცა თქვენთან ურთიერთობას არა ეკრანიდან, არამედ უშუალო ურთიერთობით განვაგრძობ...
ქვეყანას მთავარი ბრძოლა ჯერ წინ აქვს და ვაპირებ, რომ თქვენი სახელით შევიდე ამ ბრძოლაში და კიდევ ერთხელ გავიმარჯვო. და ამჯერად თბილისის მერის არჩევნებში დავამარცხო ივანიშვილის კორუმპირებული და არადემოკრატიული რეჟიმი", - თქვა მაყურებელთან დამშვიდობების დროს ზაალ უდუმაშვილმა.
უდუმაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" სიით იყო არჩეული.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31890358.html
Source: radiotavisupleba.ge