მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა

Tbilisi Daily

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველო უკვე დატოვა. აღსანიშნავია, რომ პომპეომ საქართველოში მაღალი დონის შეხვედრები გამართა როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ამავდროულად მთავრობის მეთაურთან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ასევე შეხვდა პატრიარქს ილია მეორეს. ამასთან პომპეოსა და არასამთავრობო სექტორს შორის შეხვედრა გაიმართა. პომპეომ პრემიერ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი. „ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია. მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში და ერთად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება. ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ყოველივე იმისთვის, რაც მომდინარეობს ჯანსაღი დისკუსიიდან და დემოკრატიიდან. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის“, - აღნიშნა მაიკ პომპეომ.