,,მიკავშირდებიან შეწუხებული დედები" - რას წერს მამა შალვა კვირის ქადაგებაზე

Tbilisi Daily

ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია სოციალურ ქსელში საკვირაო ქადაგებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, იმის გამო, რომ ქადაგება საზოგადოების ნაწილმა არასწორად გაიგო, მას დღემდე არაერთი ადამიანი უკავშირდება. მამა შალვა იმ მშობლებს, რომლებმაც მისი ნათქვამის გამო დიდი ტკივილი მიიღეს, შენდობას სთხოვს. ,,მინდა განვმარტოთ კვირის ქადაგება, რომელიც არასწორად იქნა გაგებული საზოგადოების მიერ, განსაკუთრებით მშობლებისგან, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილები ჰყავთ. ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ქადაგებისას, ეს ბავშვები მოვიხსენიე როგორც წინაპართა ცოდვის შედეგი, თითქოს მშობელთა ცოდვების გამო ისჯებიან. ადამიანს შეიძლება ფიზიკური პრობლემები ჰქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ღვთის წინაშე რაიმეში შეზღუდულები არიან, პირიქით, მე ყოველთვის ვამბობ, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია, ისინი ღმერთის შვილები არიან და ძალიან დიდ სითბოს ვიღებ მათგან, ძალიან დიდი სიყვარული აქვთ. მიკავშირდებიან შეწუხებული დედები, რომელთაც მიეწოდათ ქადაგების ტექსტი არასწორად, თითქოს ეს ბავშვები დასჯილები არიან მშობელთა არასწორი საქციელის გამო. ეს რა თქმა უნდა ასე არ არის. ბევრჯერ მისაუბრია ამ საკითხზე ბრმის კვირის სახარების განმარტებისას. როდესაც მაცხოვარს მიუყვანეს შობითგან ბრმა, იუდეველები მას ეკითხებიან: „ვინ შესცოდა, მან თუ მისმა მშობლებმა ?“ ებრაელებში იყო ეს შეხედულება, რომ შვილები ისჯებოდნენ მშობელთა ცოდვებისთვის, რის საპირისპიროდაც მაცხოვარი პასუხობს: „არც ამ ადამიანს შეუცოდავს და არც მის მშობლებს“. ვიცნობ მშობლებს, რომელთაც შშმ შვილები ჰყავთ და პირიქით სულ სხვანაირად უყურებენ ყველაფერს, სხვანაირად უყურებენ სამყაროს, სხვანაირად გააცნობიერეს ყველაფერი და პირიქით ბედნიერი მშობლები არიან. მართალია ბევრი პრობლემაც ახლავს ამ ყველაფერს, მაგრამ ისეთ სითბოს და სიყვარულს იღებენ მათგან, რომ ვერსად ვერ ვნახავთ სხვაგან. ჩემთვის ეს ბავშვები არიან ყველაზე წმინდები და სუფთები, მართლაც ღვთის შვილები არიან. მინდა შენდობა ვთხოვო ყველა მშობელს რომელთაც არასწორად გაიგეს ჩემი ნათქვამი და ამისგან ძალიან დიდი ტკივილი მიიღეს. არ მსურს გესაუბროთ ჩემი სიტყვებით, არამედ წაგიკითხავთ წმ. გაბრიელ ქიქოძის სიტყვებს, რომელიც განმარტავს ბრმადშობილის განკურნების ამბავს: ვინ სცოდა, ამან ანუ მშობელთა ამისთა რამეთუ ბრმა იშვა? „მაცხოვარმა თავის მოწაფეებს აუხსნა, რომ ის ბრმა ღვთის განგებით იშვა ბრმად, რათა იდიდოს სახელი ღვთისა მისგან; ვიცით ჩვენ ნამდვილად სახარებისაგან, რომ მაცხოვარიც ასე ფიქრობდა და გვასწავლიდა, რომ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მოყვება რომელიმე უბედურება; როდესაც მაცხოვარმა განკურნა ოცდათვრამეტი წლის განრღვეული (პარალიზებული) მაშინ უთხრა მას: აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რათა არა უძვირესი რაიმე გეყოს შენ . მაშასადამე, ცხადია, რომ თუ ის განკურნებული კიდევ შესცოდავდა, უარესი რაიმე დაემართებოდა მას“. წმინდა მამა აქ განმარტავს - თუ განკურნებული ადამიანი გააგრძელებდა ცოდვიან ცხოვრებას და არ გამოსწორდებოდა, მაშინ ამისთვის უარესად დაისჯებოდა. ამაზე იყო კვირის ქადაგებაშიც გამახვილებული ყურადღება. „განგებ განაჩინა, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ღმერთმან ესრეთ, რათა ყოველ ცოდვასა და უსჯულოებას მოყვებოდეს სასჯელად რომელიმე სნეულება, ანუ სხვა უბედურება. ასეა ღვთისაგან, რათა კაცს ყოვლითურთ ეშინოდეს ცოდვის და განეშორებოდეს მას“. რაც იმისთვისაა, რომ ადამიანს ჰქონდეს შიში ღვთისა და ამაზე ვსაუბრობდი - როდესაც ამდენი მაგალითი გვაქვს, როგორ არ ეშინიათ. ვიცით იმ ადამიანების ხვედრი, რომლებიც ეკლესიებს ანგრევდნენ და დღესაც არიან ვინც იმათ ბაძავს და ახდენს ეკლესიის და სამღვდელოების დისკრედიტაციას, ცდილობენ გააუცხოონ ადამიანები სარწმუნოებისგან, რაც ძალიან მძიმე შედეგის მომტანი იქნება მათთვის. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი ქადაგებაში. „ამ სოფელში ცხოვრების გამოცდილება გვიდასტურებს ჩვენ, რომ ყოველი ცოდვა და ვნება თითქმის ყოველთვის დაბოლოვდება სნეულებით ან უბედურებით“. „ ის კიდევ არაფერია, ძმაო ჩემო, რომ შენ შენი ცოდვით საკუთარ თავს იზიანებ და ხშირად ვარდები სენსა და უბედურებაში: არამედ ის არის აქ უმეტესად საშინელი, რომ ამასთანავე შენ უმზადებ სენსა და უბედურებას შვილებს და შვილიშვილებს, შენს მომავალ თაობას“. ეს სიტყვები რა თქმა უნდა არ ნიშნავს ცოდვის მემკვიდრეობით გადაცემას და ქვემოთ ამას განმარტავს წმ. მღვდელმთავარი: „ყოველი შენი ცოდვა, ძმაო ჩემო, არის თესლი, რომელიც თავის დროზე გამოიღებს მწარე ნაყოფს შენთვის, შენი ახლობლებისთვის და შენი მხედველი შვილებისთვის. შენ ხშირად ითმენ სენსა და უბედურებას შენი ცოდვების გამო; ახლობლები ხედავენ ცუდ მაგალითს და ხშირ შემთხვევაში გბაძავენ შენ; ბოლოს შენგან, შვილები და შენი მომავალი თაობა მიიღებს შენს ყოველ ცუდ ჩვეულებას, მიდრეკილებასა და ვნებებს. როგორ მძიმე ტვირთს გადასცემს ზარმაცი და ცოდვილი კაცი თავის შვილებს და შვილიშვილებს! მის სახლში, შვილები, ყოველთვის ხედავენ მის ცხოვრებას, მის ცუდ მიდრეკილებებს და ჩვეულებებს, მიეჩვევიან თვითონაც ყოველგვარ ცუდ საქმეს და ასე უნებურად მისი ცოდვის და უბედურების მემკვიდრეები გახდებიან“ ანუ აქ საუბარია ისეთ შემთხვევაზე, როცა შვილი მშობლის მაგალითით ირჩევს არასწორი ცხოვრების წესს. ეს ითქვა ქადაგებაშიც, რომ დღეს ზოგიერთი იმეორებს და აგრძელებს იმ არასწორ გზას, რომელზეც იდგა წინა თაობების ღვთისმბრძოლი ნაწილი, რისთვისაც შესაძლოა ძალიან დაისაჯონ მიმბაძველნი. ღმერთი სამართლიანია და არ შეიძლება ვინმე დასაჯოს სხვისი ცოდვისათვის, ყველა პასუხს აგებს თავისი არასწორი საქციელისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ცოდვა არ გადადის მემკვიდრეობით, არამედ ჩვენ შეიძლება დავღუპოთ შვილები ჩვენი არასწორი ქმედებებით, რადგანაც ძირითადად შვილები ბაძავენ მშობლებს და მათ მაგალითზე აგრძელებენ ცხოვრებას. ამიტომ ვიღვაწოთ სათნოებათა მოპოვებისთვის და ღვთისკენ სავალ გზაზე დგომით კეთილი მაგალითი მივცეთ მომავალ თაობას. ღმერთო, დანერგე ჩვენ შორის შიში ცოდვისა და სიყვარული სათნოებისა! ამინ", - წერს მამა შალვა კეკელია სოციალურ ქსელში.