ომის ვეტერანის შვილის წერილი - ბრძოლა გრძელდება
Sokhumi Daily
მე აფხაზეთიდან ვარ ! იმის მიუხედავად, რომ ომს არ მოვსწრებივარ, დაბადებიდანვე საკუთარ ქვეყანაში დევნილის სტატუსი მომენიჭა.
მახსოვს ბავშვობაში დედას ერთ შენობაში მივყავდით, ყოველი თვის ბოლოს, სადაც დევნილების თანხა ირიცხებოდა. შავებში ჩაცმულ ქალთა გლოვას, ალბათ ვერაფერი წაშლის ჩემი მეხსიერებიდან.
თუ მკითხავთ, შენი აზრით, ყველაზე დაუფასებელი ნაწილი საქართველოში რა არისო, გეტყვით, რომ ეს აფხაზეთის ომის ვეტერანები არიან. იყო მომენტები, როდესაც უიარაღოდ, საკუთარი ენთუზიაზმით იბრძოდნენ, ბევრი შეეწირა, ბევრმა ძალიან პატარა ასაკში გაიგო რა არის მეგობრის სიკვდილი, ოჯახის წევრის ტკივილი, თუმცა ყველაფრის ფასად, მაინც არ დაკარგეს პატრიოტიზმი, არ დანებდნენ, არ შეიცვალეს გვარები და ღირსეულად იბრძოდნენ არა აფხაზების, არამედ აფსუების, აბაზების, ჩეჩნებისა და რუსების წინააღმდეგ, რადგან აფხაზი ქართველია და დღეს ჩვენს დაკარგულ რეგიონში, ისინი აღარ ცხოვრობენ.
დღეს ჩვენს ტერიტორიაზე გამეფებულია რუსული ენა, ანტიქართული პროპაგანდა, მიმდინარეობს ბანდიტთა თარეში, ის ადამიანები, რომლებიც ე.წ ომამდე მთის გადაღმა იმალებოდნენ ქართველების მიერ აშენებულ ნასახლარში ცხოვრობენ და სინდისიც არ აწუხებთ. ყველაფერი, რაც აქამდე შექმნილა, რაც ასე გვენატრება და ყველას იზიდავს ჩვენი ხელით არის ნაშენები, ზუსტად ამიტომ, ჩვენ, და განსაკუთრებით აფხაზეთის ომის ვეტერანთა შვილებმა, არ უნდა მივცეთ უღირს ადამიანებს უფლება, რომ ჩვენი წინაპრების ნაშენები მიიწერონ, დაანგრიონ.
იმ მიწაზე, რომელზეც ჩვენი მშობლები იბრძოდნენ ომი არ დასრულებულა. ახლა, მათ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და დავიბრუნოთ ის, რაც ყოველთვის ჩვენი იყო.
აფხაზეთი საქართველოა ! მე მჯერა, რომ ძალიან მალე იმ სახლში დავბრუნდები, სადაც ჩემი მშობლები გაიზარდნენ. სანამ მემახსოვრება რუსების გამო როგორ ვიდექი პურის, ფულის თუ სხვა სექციების რიგებში. როგორ ტიროდა ბებიაჩემი, როდესაც აფხაზეთში ჩარჩენილ დეიდაჩემს ვერ უკავშირდებოდა. როგორ იხსენებდნენ დროს, როდესაც კაპიკ-კაპიკ აგროვებდნენ ფულს, რომ საკუთარი სახლ-კარი ეშენებინათ, იქამდე ვერ ვაპატიებ ვერავის, რომ ჩემს ქვეყანაში მე და ბევრი ჩემნაირი დევნილები გავხდით
#აფხაზეთი
#საქართველო
#აფხაზეთიჩემია
#გაისადსოხუმში