რა შეზღუდვები დარჩება და რა მოიხსნება 8 თებერვლიდან

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

მთავრობის ადმინისტრაცია შეზღუდვების შემსუბუქების მორიგ ეტაპთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 'ბოლო 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდა 4%-მდე, შესაბამისად შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება: ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან - თბილისში, რუსთავში და ქუთაისშიც, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით - 1. აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) - გარდა შაბათ-კვირისა; 2. გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები - გარდა შაბათ-კვირისა; ერთი კვირის შემდეგ, ანუ 15 თებერვლიდან - თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, სრულად მთელი საქართველოს მასშტაბით: 1. ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება); 2. კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ - გარდა შაბათ-კვირისა; • მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება. • ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამებით' - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კვლავ არ იხსნება მთის კურორტები, საბაგიროები და სასტუმროები. ასევე არ გაუქმებულა გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, ე.წ. კომენდანტის საათი.