უკრაინა, თურქეთი და გაერო რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ 16 გემის გადაადგილების გეგმაზე
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გაერომ, თურქეთმა და უკრაინამ შეათანხმეს თურქეთის წყლებში მყოფი 16 გემის შემდგომი გადაადგილების დღევანდელი, 31 ოქტომბრის გეგმა. ამის შესახებ სპეციალურ საკოორდინაციო ცენტრზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო „როიტერსი“. შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოებიც, „ტასი“ და „რია-ნოვოსტი“. საკოორდინაციო ცენტრმა რუსეთს აცნობა მის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება.
სააგენტო „რია-ნოვოსტის“ რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომ მოსკოვის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება რუსეთს არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს.
უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 22 ივლისს, სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით, უკრაინიდან მსოფლიოში ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას. გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.
29 ოქტომბერს რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განახორციელა „ტერორისტული შეტევა“ სევასტოპოლში მყოფ რუსულ სამხედრო და სამოქალაქო გემებზე, რის გამოც შეთანხმების შესრულებას აჩერებს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32108343.html
Source: radiotavisupleba.ge