თენგიზ ცერცვაძე - დღეში 25 ინფიცირებულზე, რაც ჩვენ ბევრი გვგონია, ევროპის ბევრი ქვეყანა ოცნებობს

Tbilisi Daily

საქართველო ერთ მილიონ მოსახლეზე მყარად ინარჩუნებს ევროპის 49 ქვეყანას შორის (შემთხვევები საერთო რაოდენობით და გარდაცვლილის რაოდენობით) 49-ე ადგილს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა. „ერთი შეხედვით ჩანს, რომ დღეში 25 ან 14 შემთხვევა ბევრია, რადგან მივეჩვიეთ და ცოტა განებივრებულები ვართ ძალიან დაბალი რიცხვებით, თორემ ის 25, რაც ჩვენ ბევრი გვგონია ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის ქვეყნების უმრავლესობისთვის ოცნებაა. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ საქართველომ მიაღწია არამარტო ძალიან წარმატებულ შედეგებს, ეს წარმატება მდგრადი აღმოჩნდა“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 283 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 068-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.