ბათუმში პირბადის გარეშე მგზავრობისთვის ტრანსპორტი 573 ადამიანს დაატოვებინეს
Tbilisi Daily
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა.
ავტოსადგურების ადმინისტრაციები ვალდებულნი არიან, განახორციელონ მგზავრთა თერმოსკრინინგი და აწარმოონ მგზავრთა იდენტიფიცირების ჟურნალი. მუნიციპალური ინსპექციის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა, შრომის ინსპექციასა და სურსათის უვნებლობის სამსახურთან ერთად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 2350 ობიექტი შეამოწმა.
ასევე მონიტორინგი განხორციელდა ბანკებში, აფთიაქებსა და სავაჭრო დაწესებულებებში. 20 899 -ჯერ შემოწმდა მუნიციპალური ავტობუსი, 15 ათასჯერ - სამარშუტო ტაქსი. შედეგად, პირბადის გარეშე მგზავრობის გამო ტრანსპორტით გადაადგილება 573 პირს შეეზღუდა.
718-ჯერ შემოწმდა ბათუმში არსებული სასტუმროს ტიპის დაწესებულებები. 224 ობიექტი აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და შესაბამისად აგრძელებს ფუნქციონირებას.
გადამოწმდა 360 სილამაზის სალონი, მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების შემოწმება.