ირაკლი ღარიბაშვილი დავით გარეჯის თემაზე: საქმე გვაქვს სახელმწიფოს ღალატთან
Tbilisi Daily
საქმე გვაქვს სახელმწიფოს ღალატთან, უდიდეს დანაშაულთან, რასაც ჰქვია სახელმწიფო ტერიტორიების გადაცემის მცდელობა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “იმედის” გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ დავით გარეჯის თემაზე საუბრისას განაცხადა.
„არქიმანდრიტმა კირიონმა მთხოვა, რომ იქნებ ამ საკითხში ერთხელ და სამუდამოდ გავერკვიოთ. მე მაშინ პრემიერ-მინისტრი ვიყავი და ეს იყო ჩემი პირდაპირი ვალდებულება. არქიმანდრიტი ალასანიას მეშვეობით გავიცანი, მითხრა, რომ მის ბავშვობის მეგობარს სურდა ჩემი გაცნობა. შემდეგ მე გავიცანი ნოდარ ხორბალაძე, უწესიერესი, მაღალი კვალიფიკაციის კარტოგრაფი, რომლის სიჯიუტემ მოგვიყვანა დღევანდელობამდე. ასევე თედო გორგოძე. მაშინ მე მქონდა უსაფრთხოების საბჭო, ჩემი სათათბირო ორგანო და მინდია ჯანელიძე იყო ამ საბჭოს მდივანი. მას დავავალე ამ საკითხის ირგვლივ ყველაფრის გარკვევა.
ჯერ კიდევ 1938 წელს კავკასიის რესპუბლიკები შეთანხმდნენ, რომ იმ წელს გამოყენებულ რუკებს გამოიყენებდნენ საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის დროს. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ეს რესპუბლიკები საბჭოთა კავშირში შევიდნენ ასეთი, ასე ვთქვათ საზღვრებით. 1996 წელს, მაშინდელი პრეზიდენტების, ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის თაოსნობით 2 სახელმწიფოს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელშიც წერია შავით თეთრზე, რომ 2 სახელმწიფოს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას გააგრძელებდნენ 1938 წლის რუკის მიხედვით. 1:200 000-იანი რუკა საქართველოში ვერ მოვიძიეთ. მე მაშინ დავავალე ჩემს სამსახურებს, რომ დაიწყეთ ამ რუკის მოძიება. არქივებში არ იყო არსად. მიუხედავად იმისა, რომ დიდი რაოდენობით იყო დაბეჭდილი და არ უნდა ყოფილიყო რთული“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ, პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ივერი მელაშვილს( 2007 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი) და 2007 წელს დავით გარეჯის საკითხზე შექმნილი სახელმწიფო კომისიის წევრ ნატალია ილიჩოვას ბრალი საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებისთვის წაუყენა. (პროკურატურის განცხადების სრული ვერსი შეგიძლიათ იხილოთ აქ: პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა )
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ კურტანიძემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის სახის ღონისძიებად ორთივიანი პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
განაცხადებაში ნათქვამია: “თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.”
მიუხედავდ იმისა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელი არ ფიგურირებს, ვრცელდება ინფორმაცია რომ დავით გარეჯის საქმე მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.
მიხეილ სააკაშვილმა კი პროკურატურის განცხადების საპასუხოდ განაცხადა: ჩემი პრეზიდენტობის დროს ყველა ქართველს შეეძლო დავით გარეჯში მოლოცვა და ბერად აღკვეცა (ვიდეო)
მოგვიანებით კი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხზე საქმის აღძვრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობს. მისი თქმით, წამოცდენა იყო თუ რა იყო,70-80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში სააკაშვილს