ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ არსებული კორტების აღდგენაზე აუქციონი გამოცხადდა
Tbilisi Daily
ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ არსებული კორტების აღდგენაზე აუქციონი გამოცხადდა, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ არსებული კორტების ტერიტორია 2009 წელს გასხვისდა და იქ საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენებულიყო და ეს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ზოგადად ქალაქის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მერიაში ჩვენი გუნდის მოსვლის შემდეგ ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე პირადად იყო ჩართული მოლაპარაკებებში, რათა ინვესტორს დაებრუნებინა კორტები მუნიციპალიტეტისთვის ადგილმონაცვლეობის პრინციპის საფუძველზე. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ქონების მართვის სააგენტომ მეპატრონესთან შეთანხმებას მიაღწია და კორტების ტერიტორია ქალაქს დაუბრუნდა. ამ ადგილზე ისევ კორტები მოეწყობა და ყველა ადამიანი შეძლებს ამ სპორტული კომპლექსით სარგებლობას. დღეს გვინდა გამოვაცხადოთ აუქციონი 2 მილიონი ლარის ინვესტირებაზე. გამარჯვებულმა კომპანიამ 7174 კვ. მ. ფართობზე 2 წლის ვადაში უნდა მოაწყოს 4 ღია საჩოგბურთო კორტი, ერთი ღია ან დახურული საცურაო აუზი და ერთი სავარჯიშო-სატრენაჟორო დარბაზი. ობიექტის პრივატიზაციის პირველადი საწყისი თანხა შეადგენს 5 775 070 ლარს. იმედი მაქვს, რომ იქნება დიდი ინტერესი ბიზნესის მხრიდან, რათა ეს მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს“, - განაცხადა კალაძემ.