კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში მოკლულთა შორის რუსეთის მოქალაქეცაა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის პოლიციის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრ Field's-ში სროლისას მოკლული 3 ადამიანიდან 1 რუსეთის მოქალაქე, 47 წლის მამაკაცია. სროლას ემსხვერპლა დანიის ორი მოქალაქეც - 17 წლის გოგო და 17 წლის ბიჭი.
პოლიციის ცნობითვე, დაჭრილია 2 დანიელი და 2 შვედი, რომლებიც ჰოსპიტალში იმყოფებიან. მათი მდგომარეობა კრიტიკულია.
კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში შეიარაღებული თავდასხმა 3 ივლისს, საღამოს მოხდა. პოლიციამ მალევე დააკავა 22 წლის დანიელი. მას, პოლიციის ინფორმაციით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა. მან მომხდარს სასტიკი თავდასხმა უწოდა და მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდა. სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა დანიის სამეფო ოჯახმა, რომელმაც კოპენჰაგენში მომხდარი ტრაგედიის გამო გააუქმა ველორბოლის, „ტურ დე ფრანსის“ პირველი სამი ეტაპის დანიაში ჩატარებისადმი მიძღვნილი მიღება.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31927825.html
Source: radiotavisupleba.ge