მთიან აჭარას კიდევ ერთი ტურისტული მიმართულება შეემატა

Batumi Daily

მთიან აჭარას კიდევ ერთი ახალი ტურისტული ბილიკი შეემატა. სოფელი კაპნისთავი, რომელიც ბათუმიდან 26 კილომეტრითაა დაშორებული, გამორჩეულია ჩანჩქერებით, ღია მუზეუმით, ძველი წისქვილებითა და ბუნებაში არსებული ულამაზესი საფეხმავლო ბილიკით. კაპნისთავის ტურისტული მიმართულების მარკირება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მიმდინარე წელს განახორციელა და ტურისტულ ბილიკზე მცირე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოაწყო. "კაპნისთავის ტურისტულ მარშრუტზე სტუმრებს საშუალება აქვთ რეგიონის ყოფასა და ტრადიციებს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სოფლის ცენტრში მოწყობილ ღია მუზეუმში გაეცნონ, რომელშიც დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ექსპონატებია გამოფენილი. გარდა ამისა, სოფელში ფუნქციონირებს საოჯახო ღვინის მარანი, სადაც ადგილობრივი სახეობის ღვინისა და კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი. სოფელში ადგილობრივების მიერ შექმნილია მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურაც." - წერია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მეშვეობით კიდევ ორი ტურისტული ადგილის - ქობულეთისა და შუახევის დამაკავშირებელი, სათავგადასავლო ტურისტული (კინტირიში-ჯვარისმინდორი) და ღორჯომი-ბახმაროს დამაკავშირებელი ტურისტული ბილიკის მარკირება მთიან აჭარაში ზაფხულის დასასრულს განხორციელდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. ფოტო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში