თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს გამოძიება საქმის მასალებს დღეს გადასცემს
Tbilisi Daily
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს გამოძიება საქმის მასალებს სავარაუდოდ დღეს გადასცემს.
ოჯახის ადვოკატი წუხელ რუსთავის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. თუმცა პოლიციიდან გამოსვლის შემდეგ მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის საქმის მასალები არ გადაუციათ, რადგან დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, ჯერ არავინ არის ცნობილი.
ადვოკატმა მოითხოვა, რომ უფლებამონაცვლედ გარდაცვლილის მამა ცნონ და კვალიფიკაცია შეიცვლოს, რადგან საქმე 143-ე მუხლით არის აღძრული, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.
შსს-ში აცხადებენ, რომ გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ცენტრ „ემპათიაში“ კი თქვეს, რომ მათი საექსპერტო მონაცემებით, გოგოს ცხედარს ცეცხლნასროლი ან სხვა სახის ჭრილობა არ აღენიშნება. ოჯახი კი, თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.