ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით უკვე 10 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევა დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში გახსნილ მობილურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული კიდევ 1 პაციენტი. აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 10 102 შემთხვევა, მათგან 7808 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 143 ადამიანი. დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი. დეკემბრის ბოლოს კორონავირუსი დაუდასტურდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბს. ბჟანიას ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა, ანქვაბი კი ჯერ გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში. 12 იანვარს, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ასლან ბჟანია კორონავირუსისგან განიკურნა. 11 იანვარს კორონავირუსი დაუდასტურდა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს.   https://www.radiotavisupleba.ge/a/31044250.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19) #covid19_-_ახალი_ამბები