აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვარზე შედარებით სიმშვიდეა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
სახელმწიფო საზღვარზე აზერბაიჯანის დასავლეთით და სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით შედარებით სიმშვიდეა 18 ივლისს, განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, შუშან სტეპანიანმა.
სტეპანიანის თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დაუმიზნებელი ცეცხლი გახსნეს ტავუშის ოლქის სოფლების, მოვსესის, ზანგახატუნის, ხნძორუტის რაიონში განლაგებული სომხური პოზიციების მიმართულებით.
17 ივლისის საღამოს იჯევანში გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთის ერთიანი საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, არწრუნ ოვანისიანმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხურ მხარეს აღმოჩნდა ისრაელის წარმოებული, დაუზიანებელი უპილოტო აპარატი SkyStriker-ი.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანა ნაგდალიანმა ლენტა.რუ-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ აზერბაიჯანის ქმედება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაა და მოუწოდა ბაქოს, უარი თქვას მუქარაზე, რომელიც ეხება სომხეთის ატომურ ელექტროსადგურს.
12 ივლისს დაიწყო ორ მტრულ ქვეყანას შორის საზღვრისპირა შეიარაღებული კონფლიქტი, რასაც ორივე მხარეს 16 ადამიანი ემხვერპლა. აზერბაიჯანის და სომხეთის ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ობიექტებს, დაზიანდა და დაინგრა საცხოვრებელი სახლები. მხარეები კონფლიქტის დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ორ სახელმწიფოს, დე იურე აზერბაიჯანის კუთვნილი, სომხური ძალების კონტროლქვეშ მყოფი, მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო ომი ჰქონდათ 90-იან წლებში. ამჟამინდელი დაპირისპირება მთიანი ყარაბაღისგან დაშორებულ რეგიონში მოხდა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30734849.html
#ახალი_ამბები
#twitter