სტოლტენბერგი: იარაღი ფაქტობრივად, არის გზა მშვიდობისკენ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის მოკავშირეთა მიერ თავდაცვაში მეტი ინვესტიციის, ავტორიტარულ რეჟიმებზე დამოკიდებულების აღმოფხვრისა და თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად გაერთიანების საჭიროებაზე ილაპარაკა 5 იანვარს, როცა ნორვეგიის საწარმოთა კონფედერაციის წლიურ კონფერენციას მიმართა. სტოლტენბერგის განცხადებით, არ იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, თუ ჩაგვრა და ტირანია გაიმარჯვებს თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ახალი რეალობა ყველაზე თვალსაჩინოა უკრაინაში პრეზიდენტ პუტინის აგრესიული ომის სახით და მიუხედავად იმისა, რომ სისასტიკემ ბევრი გააოცა, ამის მიზეზი არ არსებობს. „ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ომი იქნებოდა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. გენერალურმა მდივანმა მოსკოვის ქცევის ნაწილი უწოდა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალის გამოყენებას და ამის ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა საქართველოში რუსეთის შეჭრა. სტოლტენბერგის თქმით, ომი უკრაინაში დაიწყო არა 2022 წლის თებერვალში, არამედ 2014 წელს, ყირიმის ანექსიითა და აღმოსავლეთ უკრაინაზე თავდასხმებით. „თუმცა, არა მხოლოდ ასეთ ქცევას არ გავუოცებივართ ნატოში, არამედ ჩვენ გვქონდა ზუსტი სადაზვერვო მონაცემები რუსეთის ძალების კონცენტრაციაზე საზღვართან და მათ კონკრეტულ გეგმებზე. ჩვენ ეს ინფორმაცია გავასაჯაროეთ და თვეების განმავლობაში გამოვდიოდით გაფრთხილებით შესაძლო შეჭრაზე“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. მისი ინფორმაციით, არაერთხელ მიმართეს მნიშვნელოვან პოლიტიკურ და დიპლომატიურ ძალისხმევას ომის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა მაინც თავდასხმა აირჩია. იენს სტოლტენბერგის თქმით, შეუძლებელია იმის თქმა, როდის ან როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, მაგრამ ომების უმრავლესობა მოლაპარაკების მაგიდასთან სრულდება და დიდი ალბათობით, ეს ომიც ასე დასრულდება, ბრძოლის ველზე უკრაინელების სიძლიერე კი განსაზღრავს, რას მიაღწევენ მოლაპარაკების მაგიდასთან. „ამიტომ, თუ გვინდა შეთანხმებული მშვიდობის მიღწევა, სადაც უკრაინა გადარჩება როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, უსწრაფესი გზა არის უკრაინის მხარდაჭერა“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. როგორც სტოლტენბერგმა თქვა, ფაქტობრივად, იარაღი არის გზა მშვიდობისკენ. https://www.radiotavisupleba.ge/a/32211969.html

Source: radiotavisupleba.ge