ბეირუთში მომხდარი აფეთქების გამო, ათობით სკოლა შემოდგომაზე არ გაიხსნება

Tbilisi Daily

ბეირუთში, აფეთქების გამო დაზიანებული ათობით სკოლა მოსწავლეების მისაღებად მზად არაა შემოდგომაზე არ გაიხსნება, - ამის შესახებ France 24 წერს. ლიბანში სკოლები სექტემბრის ბოლოდან გაიხსნება, თუმცა აფეთქების სიახლოვეს მდებარე სკოლების აღდგენა ჯერ არ დაწყებულა. დედაქალაქში მდებარე სკოლების 85 ათასამდე მოსწავლე სექტემბრიდან სწავლას საკლასო ოთახებში ვერ გააგრძელებს. მაგალითისთვის, აშრაფიას დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლა, რომელიც ბეირუის პორტთან ახლოს მდებარეობს და ბოლო წლების განმავლობაში, დაფინანსების კლებისა და პედაგოგების სიმცირის გამო, იძულებული გახდა, ხუთი კლასი დაეხურა, ამჯერად დანგრევის საფრთხის წინაშეცაა. „ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა ჩვენი შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია“ - ამბობს განათლების მინისტრი თარეკ ალ-მაჯობი. ბეირუთის პორტში ძლიერი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. აფეთქების შედეგად განადგურდა ათასობით სახლი, თავშესაფრის გარეშე დარჩა 300 ათასზე მეტი ადამიანი. დაიღუპა 178, დაშავდა კი 6 ათასი ადამიანი, ათობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ბეირუთის გუბერნატორის, მარონ აბუდის შეფასებით, ქალაქის რეკონსტრუქციისთვის 12-15 მილიარდი დოლარია საჭირო.