შალვა პაპუაშვილი ფინეთის პრემიერ-მინისტრს სანა მარინს შეხვდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ფინეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომოარე შალვა პაპუაშვილი შეხვდა პრემიერ-მინისტრ სანა მარინს. როგორც პარლამენტის პრესსამსახური იუწყება, პაპუაშვილმა ილაპარაკა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა. „შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის აგრესია და მისი შედეგები. აღინიშნა, რომ რუსეთის პოლიტიკა  2008 წელს - საქართველოში და 2014 წელს - უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებაა", - ვკითხულობთ ოფიციალურ ცნობაში.  პაპუაშვილმა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ „ფინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან ის ერთ-ერთია, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს 23-24 ივნისს ევროპული საბჭოს სხდომაში და  გადაწყვეტილებას იღებს კანდიდატობის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით -  მათი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ არის ცალსახა“. როგორც პარლამენტის სპიკერი ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მსჯელობისას, ევროპულმა საბჭომ საკითხის გეოპოლიტიკური განზომილება გაითვალისწინოს. პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სკანდინავიის ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ის ფინეთში შეხვდა კოლეგას მატი ვანჰანენს და პარლამენტის წევრებს. საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით წარდგენის გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც. საქართველოში სტატუსის საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში ელოდებიან.  https://www.radiotavisupleba.ge/a/31899745.html

Source: radiotavisupleba.ge