მივხვდი, რუსულს რატომ ეძახიან იცი? იმიტომ, რომ ქართული არ იციან, უსამშობლო ხალხია - ყაველაშვილი
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მოძრაობა "ხალხის ძალის" დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ოპოზიციას და მათ უპასუხა, ვინც ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებს აკრიტიკებს და "უსამშობლო ხალხი" უწოდა. ყაველაშვილმა ისევ გაიმეორა, რომ მისი თვითმიზანი არაა ევროკავშირი, არამედ, "საქართველოს მარადიულობაა".
"ახლა მივხვდი მე, რუსულს რატომ ეძახიან იცი? იმიტომ, რომ ქართული არ იციან, უსამშობლო ხალხია, დაკარგული აქვთ... იმიტომ ეძახიან რუსულს, რომ ვერ წარმოუდგენიათ, როგორო, ევროკავშირის ელჩებმა გითხრესო და როგორო? მე ჯვარზე მაცვეს ბიჭო, ჯვარზე, როცა ვთქვი თვითმიზანი არაა ევროკავშირი-მეთქი. მგონია, რომ ქართველი ერი და ქართველი ერის უკვდავებაა ჩემი თვითმიზანი, საქართველოს მარადიულობაა. ჩემთვის საშუალებაა ევროკავშირი, რომ რაღაცებს ვეზიაროთ, რისიც მჯეროდა, ღირებულებები, ფასეულობები, სადაც ჩვენი იდენტობით, კულტურით უნდა შევიდეთ. ის კი არა, აგერ რომ მეუბნება, ცალი ფეხით უნდა იდგე თუ გეტყვიანო და მაგით უნდა შეხვიდე ევროკავშირშიო. ეგ განსხვავებაა", - თქვა მან სხდომაზე.
მოგვიანებით, სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ხატია დეკანოიძე შეკამათდნენ მაშინ, როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატი კითხვას სვამდა და ყაველაშვილი აწყვეტინებდა. დეკანოიძემ "ხალხის ძალისა" და "ქართული ოცნების დეპუტატებს მიმართა, მზად არიან თუ არა შეეზღუდოთ დასავლეთში გადაადგილება. ამ დროს დეპუტატებს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
მიხეილ ყაველაშვილი: ევროსაბჭოს ან ევროკავშირის სახელით რატომ ლაპარაკობთ, ვის წარმოადგენთ?
ხატია დეკანოიძე: მიშა, მე, მაგალითად შენს ადგილზე 2 წიგნს წავიკითხავდი და მერე მოვიდოდი აქ.
მიხეილ ყაველაშვილი: მართლა? არ გადამრიო? წიგნი რა შუაშია? სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება... შენ რაც გააკეთე უცხო ქვეყნის ტელევიზიაში, იმას წიგნი არ სჭირდება, იმას შინაგანი მრწამდი, სინდისი სჭირდება...
ხატია დეკანოიძე: პარლამენტის წევრი რომ ხარ, წიგნი თავშია, განათლება არ გაქვს და უმაღლესი განათლება არ გაქვს, ვის ელაპარაკები?!
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან გააძევა ათამდე დეპუტატი, სხდომის დაწყებიდან პირველივე საათში ორი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა და ოპონენტები არაკონსტუქციულობაში დაადანაშაულა. მან "უსამშობლო კაცი" უწოდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს და რეაგირების გარეშე დატოვა თანაპარტიელების ხმამაღალი რეპლიკები ოპოზიციონერი დეპუტატების მისამართით.
პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის შენობის გარეთ. ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას აპროტესტებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ "რუსული კანონის" მიღებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულად შეფერხების მცდელობაში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32303913.html
Source: radiotavisupleba.ge