ქუთაისის პირველი აფთიაქის ისტორია

Kutaisi Daily

1869 წლის 22 ივნისს ქუთაისში, ლერმონტოვის ქუჩაზე ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე ქუთაისის გუბერნიის პირველი აფთიაქი გაიხსნა. დღეს იგივე ადგილი N8 აფთიაქის სახელითაა ცნობილი. ქუჩას კი სახელი გადაერქვა და აფთიაქარის ქუჩა დაერქვა. სხვა აფთიაქებისგან განსხვავებით N8 აფთიაქში მზა პროდუქციასთან ერთად, აქვე დამზადებული მედიკამენტებიც იყიდება. აფთიაქი ქუთაისელმა კათოლიკემ პეტრე-პავლე კოკოჩაშვილმა გახსნა, რომელმაც სამედიცინო განათლება ექიმი მამისგან მიიღო. ივანე კოკოჩაშვილი ქუთაისში ახალციხიდან ჩამოსახლდა. თვითონ ამზადებდა წამლებს და ხალხსა და საავადმყოფოებს უფასოდ ურიგებდა. თავდაპირველად „სამკურნალო აფთიაქი“ მის სახლში ფუნქციონირებდა. ამ დროს წამლების დასამზადებლად საჭირო ბალახებს ივანე თავად აგროვებდა. მისი შვილისგან გუბერნიაში პირველი აფთიაქის გახსნა არავის გაჰკვირვებია. მკვლევარ ზაქარია ჭიჭინაძის თქმით, აფთიაქის ეზოში პეტრემ „სუნოვან წყალთა ქარხანა“ გახსნა. უალკოჰოლო , ნატურალური ხილისგან დამზადებულმა წვენებმა პოპულარობა მალევე მოიპოვა. პროდუქცია ჩრდილოეთ კავკასიისა და ყირიმის კურორტებზე იგზავნებოდა. 1875 წელს კოკოჩაშვილის აფთიაქი ტყიბულში, ბათუმსა და უწერშიც გაიხსნა. ქუთაისის აფთიაქი დღემდე ფუნქციონირებს და საზოგადოების სანდოობით კვლავ სარგებლობს. #ქუთაისი #პირველიაფთიაქი #ქუჩა #აფთიაქარი #სამკურნალო #აფთიაქი #kutaisidaily