- რას ამბობდა მიქაელ ბოტკოველი 2007 წელს დავით-გარეჯზე

Tbilisi Daily

„გუშინდლამდე ჩვენ დიდი იმედი გვქონდა, რომ ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლები მოლაპარაკებების გზით აღმოჩნდებოდა საქართველოს შემადგენლობაში. სამწუხაროდ, ვიგებთ გუშინ საღამოს, რომ თურმე ეს ტერიტორიები არ ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში და ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები, როგორიცაა ბერთუბანი, ჩიჩხიტური და მისი მიმდებარე ეკლესიები, აღმოჩნდა ფაქტობრივად საზღვარს იქით, სადაც დღეს ქართული იურისდიქცია არ ვრცელდება“, - ეს განცხადება პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა 2007 წელს გააკეთა. „ეს ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის. პირდაპირ წარმოუდგენელია. მოხდა ხელის გაშვერა კომუნისტების მმართველობისკენ, რომ თითქოს მაშინ გადაეცა. ნამდვილად ვერ გავიზიარებთ ამ პოზიციას, რადგანაც იმ დროს, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ კომუნისტები, იმ დროს ქართული მხარე აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს და ბერთუბანში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. თუ ეს მაშინვე იყო აზერბაიჯანული მხარის ტერიტორია, რაღას ვდაობდით და ვის ვედავებოდით ამდენი ხანი? ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი. პრაქტიკულად გამოდის ისე, რომ ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს ხელისუფლება. თუ ეს მართლაც ასეა, ძალიან სამწუხაროა. ჩვენ შევეცდებით, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით მოხდეს შეთანხმება, რომ ადგილმონაცვლეობის პრინციპით ან სხვა პრინციპის გათვალისწინებით მოხდეს აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკება და ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლები დარჩეს საქართველოს შემადგენლობაში“, - აცხადებდა მიქაელ ბოტკოველი 2007 წელს.