ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რუსეთისგან კვლავ მთლიანად მოწყვეტილია
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მეორე დღეა, როკის გვირაბთან ახლოს, გზა კვლავ ჩაკეტილია. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო გზის გახსნა სტიქიის შედეგად ჩამოწოლილი ქვისა და ტალახის მასის გამო ვერ ხერხდება. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ი ავრცელებს.
"დილიდან ბურონის დასახლების მონაკვეთზე, როკის გვირაბის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, მიმდინარეობს სამუშაოები მაგისტრალის გასასუფთავებლად. ჩამოცვენილი კლდეების, ქვებისა და ღვარცოფისგან. ჯერჯერობით არ არის პროგნოზი, როდის მოხერხდება გზის გახსნა", - განაცხადეს კვირას დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.
მსგავსი მოვლენები გასულ კვირაშიც დაფიქსირდა და მაგისტრალი ორჯერ ჩაიკეტა. გზის გაწმენდის შემდეგ, მძღოლებისთვის მოძრაობა აღდგა, მაგრამ ჩრდილოეთ ოსეთის დასახლებულ პუნქტ ბურონთან ღვარცოფი ისევ მოვარდა და მეწყრული პროცესები დაიწყო, რამაც ისევ გამოიწვია გზის დაკეტვა.
ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც რუსეთს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან აკავშირებს. მისი სიგრძე 164 კმ-ია. მარშრუტის ძირითადი ნაწილი მაღალმთიან რელიეფზე გადის. ზამთარში, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ეს გზა ბუნებრივი მოვლენების გამო ხშირად იკეტება და ცხინვალის რეგიონი გარკვეული დროით გარესამყაროს წყდება.
სტიქია უტევს ოკუპირებულ კუდარის ხეობასაც, რომელსაც დენის მიწოდება შეუწყდა. ძლიერი წვიმის გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზი.
„კუდარის ხეობაში ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოვარდა ელექტროგადამცემი ხაზის ლითონის საყრდენი, რის გამოც მთელი ხეობის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ცენტრალურ ხელისუფლებას ვაცნობეთ და კვირას დილით ცხინვალიდან ენერგეტიკოსების გუნდი გამოგვიგზავნეს, რადგან ადგილობრივი ძალებით ვერ გავუმკლავდებით“, - განაცხადა „რეს“-თან საუბარში ქალაქ კვაისას ხელმძღვანელმა, ალან ხუგაევმა.
საგანგებო სიტუაციების ე.წ. სამინისტრომ მოქალაქეები უამინდობის შესახებ გააფრთხილა და მათ მგზავრობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 25, 26 და 27 ივნისს ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რაც სტიქიური მოვლენების რისკს ზრდის.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31915720.html
Source: radiotavisupleba.ge