გიგა ზედანია: სჯობს უნივერსიტეტებში სწავლა ონლაინ გაგრძელდეს
Tbilisi Daily
„სანამ ეპიდემია დედაქალაქში ასე ინტენსიური და აღმავალია, სჯობს უნივერსიტეტებში სწავლება ონლაინ გაგრძელდეს“, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია სოციალურ ქსელში წერს.
ზედანია მიიჩნევს, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ძალიან საშიშია უნივერსიტეტებში ფიზიკური დასწრებით სწავლის აღდგენა 19 ოქტომბერს.
„რომელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასაც არ ველაპარაკე, ყველას შიში აქვს, რომ ამას ვირუსის კიდევ უფრო დიდი აფეთქება შეიძლება მოყვეს. პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ნაწილს - ასევე. ეს გასაგებიცაა - უნივერსიტეტების უმრავლესობა თბილისშია თავმოყრილი და მათ აუდიტორიებში მთელი საქართველოდან ჩამოსული სტუდენტების კონცენტრაცია, როგორც არ უნდა ვცადოთ ფიზიკური დისტანციის დაცვა, ვერ იქნება საკმარისად ეფექტიანი პრევენციული ზომა.
საქმე მხოლოდ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას ხომ არ ეხება, მხოლოდ ინდივიდუალური თავგანწირვის გამოჩენა რომ იყოს საკმარისი - ფსონზეა ჩვენი ახლობლებისა და თუნდაც უცნობი ადამიანების ჯანმრთელობა, რომელთვისაც საფრთხე შეიძლება გახდეს ნებისმიერ ჩვენგანი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ექსპერტიზას ვერ დავიჩემებ, მაგრამ მგონია, რომ სანამ ეპიდემია დედაქალაქში ასე ინტენსიური და აღმავალია, ჯობს უნივერსიტეტებში სწავლება ონლაინ გაგრძელდეს. მითუმეტეს, რომ ბევრ ქვეყანაში დღეს ასეც ხდება, რადგან, ზოგადად, უნივერსიტეტები ვირუსის აფეთქების ეპიცენტრებად ბევრგან იქცა“, - აცხადებს გიგა ზედანია.