აზარაშვილის თქმით, რესპუბლიკური კლინიკის რეაბილიტაციაზე გადაწყვეტილებას ექსპერტიზის დასკვნების შემდეგ მიიღებენ

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რესპუბლიკური კლინიკის რეაბილიტაციაზე გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებენ, როდესაც ექსპერტიზის საბოლოო დასკვნებს მიიღებენ. ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 10 აპრილს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის პრეზენტაციის შემდგომ მედიასთან განაცხადა. აზარაშვილმა, ასევე აღნიშნა, რომ სამედიცინო საზოგადოებასთან და რესპუბლიკურის თანამშრომლებთან დეტალურად ისაუბრა არსებულ სიტუაციაზე და გამოწვევებზე: "მე, მათ ღიად და მკაფიოდ დავუდასტურე, რომ ჩვენი კომენტარები და შეფასებები არ ითვალისწინებდა მყისიერად ამ შენობის რეაბილიტაციის დაწყებას, ან ამ შენობის დემონტაჟს. ჩვენ სხვადასხვა ექსპერტების მხრიდან ველოდებით საბოლოო დასკვნებს, ხოლო ის ჩვენი შეფასებები და კომენტარები იყო პირველადი შეფასებებიდან გამომდინარე, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს. შევთანხმდით კომუნიკაციის ფორმებზე. გარკვეული ინფორმაციის მიღების შემდეგ, მათ გავაცნობთ და მათთან ერთად შევჯერდებით იმ გადაწყვეტილებაზე, რაც იქნება კლინიკის დემონტაჟი, რეაბილიტაცია, თუ სართულების ცვლილება. ხუთი სხვადასხვა ტიპის დასკვნას ველოდებით, ასევე, ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ექსპერტის ჩართულობით ვაკეთებთ. მინდა კარგად შეთანხმებულად დავრწმუნდეთ, რა არის საჭირო და აუცილებელი, რომელი გადაწყვეტილება იქნება სწორი", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. მისივე განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს.   https://www.radiotavisupleba.ge/a/32357351.html

Source: radiotavisupleba.ge